მსოფლიოს 84 ქვეყანაში კორონავირუსის 95 481 შემთხვევაა დადასტურებული – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მეოთხე შემთხვევა გამოვლინდა.

გამყრელიძემ ასევე ისაუბრა მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე. მისი თქმით, მსოფლიოს 84 ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 95 481 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელდა 53 688 ადამიანი,  ხოლო სიკვდილით დასრულდა 3 285 შემთხვევა.

„ძირითადად, დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობა არის ჩინეთში – 80 409 შემთხვევა.  მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, არის კლების დინამიკა.  ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დღევანდელი დილის მონაცემების მიხედვით,  ჩინეთში არის 139 ახალი შემთხვევაა და 31 სიკვდილი. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში“, -–განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ჩინეთს გარეთ 15 000 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ყველაზე მეტი 5 766 შემთხვევა დასტურდება სამხრეთ კორეაში,  ხოლო მეორე ადგილზეა იტალია, 3089 შემთხვევით. შემდეგ ირანი 2922 დადატურებული შემთხვევით,  იაპონია – 331 შემთხვევა.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საყურადღებოა გერმანიაში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა,  ბოლო მონაცემებით 262 შემთხვევაა დადასტურებული;  საფრანგეთი – 285 შემთხვევა ( 4 სიკვდილი);  ესპანეთი – 228 შემთხვევა (2 სიკვდილი); აშშ  – 159 შემთხვევა  (11 სიკვდილი).


დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა.

მისი თქმით,  შემთხვევა მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან. ეს არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც კვირას შემოვიდა საქართველოში.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ გუშინვე შესაბამისი სამსახურები ჩაერთვნენ ეპიდკვლევაში, ანუ დაიწყო ინფიცირებულთან კონტაქტების შესწავლა.  ამ დროისთვის დაახლოებით 20 კონტაქტია მოძიებული. მათგან 15 თვითმფრინავის მგზავრია და „მიმდინარეობს მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა“.

ბოლო მონაცემებით, კარანტინში 162 ადამიანია მოთავსებული. 31, როგორც პაციენტი, სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფება.  აქედან 23 – თბილისის, დანარჩენები ქუთაისისა და ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.