„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” ხარაგაულის პოლიციაში ამირან კვირიკაშვილის არასათანადო მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით მიმართა.
საქმეზე განმცხადებელი ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა) და მე-13 (უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე) მუხლების დარღვევაზე დავობს.
„2017 წლის 28 ოქტომბერს ამირან კვირიკაშვილი ხარაგაულის პოლიციის განყოფილებაში „გასაუბრების მიზნით“ იყო დაბარებული, ერთ კვირაში კი მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ოჯახის წევრები გარდაცვლილის თვითმკვლელობას პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დროს მასზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებენ. პოლიციის განყოფილებაში მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე განმცხადებლის შვილმა განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ ოჯახის წევრებთან და მეზობელთან ისაუბრა.
კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ხარაგაულის პოლიციის უფროსის მოადგილემ ჯართის მოპარვაში დაადანაშაულა, სახეში ფურცლები გაარტყა და დაემუქრა, რომ „მიხედავდა“. პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, განმცხადებლის შვილის ქცევა რადიკალურად შეიცვალა. იგი გახდა დეპრესიული, ერიდებოდა სახლიდან გასვლას და გამოხატავდა თვითმკვლელობის განზრახვას. მას ასევე აწუხებდა შიშები, რომ პოლიცია კვლავ დაუკავშირდებოდა და ისეთი დანაშაულის აღიარებას მოსთხოვდა, რომელიც არ ჩაუდენია. იმის გამო, რომ პოლიციასთან კონტაქტი თავიდან აერიდებინა, განმცხადებლის შვილმა საკუთარი მობილური ტელეფონი თავის დას აჩუქა, ხოლო სიმ-ბარათი გადატეხა.
იმ ფონზე, რომ სახელმწიფოს არ წარმოუდგენია განმცხადებლის შვილის თვითმკვლელობის დამაჯერებელი ალტერნატიული ახსნა, განმცხადებელი უთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისად ადასტურებს კავშირს მისი შვილის თვითმკვლელობასა და პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვას შორის. შესაბამისად, განმცხადებელი უთითებს, რომ მის შვილზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელებულ ზეწოლასა და შედეგად, მის თვითმკვლელობაში იკვეთება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით გარანტირებულ სიცოცხლისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის უფლებებთან”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” წერს, თავდაპირველად 5 დღის განმავლობაში გამოძიება მიმდინარეობდა იმავე პოლიციის განყოფილებაში, სადაც სავარაუდო არასათანადო მოპყრობა განხორციელდა, რაც, პრობლემურია გამოძიების დამოუკიდებლობის კუთხით. 5 დღის შემდეგ საქმე პროკურატურას გადაეცა, თუმცა გამოძიება აქაც ხარვეზიანად წარიმართა. საქმეში არსებული საპირისპირო მტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურამ უპირობოდ გაიზიარა ხარაგაულის პოლიციის განყოფილების მიერ განვითარებული ჰიპოთეზა, თითქოს განმცხადებლის შვილის თვითმკვლელობის მიზეზი მისი მძიმე ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობა იყო.
„გარდა ამისა, პროკურატურას არ ჩაუტარებია რიგი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: კომისიური ექსპერტიზა გარდაცვალებამდე გარდაცვლილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად; პოლიციაში გარდაცვლილის გამოკითხვასთან დაკავშირებული მოვლენების რეკონსტრუქცია; გარდაცვალების შემდგომი ფსიქოლოგიური ექსპერტიზა; ისეთი მოწმეთა გამოკითხვა, რომელთაც შეეძლოთ საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება და ა. შ. პროკურატურას ასევე არ უცდია მოწმეთა ჩვენებების გადამოწმება და მათ შორის წინააღმდეგობების აღმოფხვრა.
ამას გარდა, გამოძიებამ ვერ დაადგინა პოლიციის განყოფილებაში გარდაცვლილის დაბარების მიზეზი და მასთან გასაუბრების შინაარსი. და ბოლოს, საგამოძიებო მოქმედებების დიდი ნაწილი ჩატარდა დაგვიანებით, ხოლო საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება ხუთ წელზე მეტია ჭიანურდება. ამ გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელი უთითებს, რომ მისი შვილის არასათანადო მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიება არაეფექტიანია და ვერ აკმაყოფილებს კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი ეფექტური გამოძიების სტანდარტებს”, – წერს ორგანიზაცია.