ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მედიის შეზღუდვა გაუმართლებელია – DRI

პუბლიკა

ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“  ბოლო პერიოდში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარე კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოფლებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მედიის დაშვების შეზღუდვის შემთხვევებს ეხმაურება.

მათი თქმით, 2020 წლის 4 მარტს გამკაცრებული კონტროლის გამო, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანას საგუშაგოსთან ახლოს მდებარე ტყეში არ მიუშვეს მედიის წარმომადგენლები.

„2020 წლის 6 თებერვალს ერთადერთი სოფელი, რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს და ჟურნალისტებისთვის ღია იყო, დაიკეტა. პოლიციის პოსტი მეღვრეკისის გადასახვევთან განთავსდა, საიდანაც არა თუ ერგნეთში, არამედ სოფელ მეღვრეკისში შესვლაც აიკრძალა.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სოფელ ქერეში, 27 იანვარს პოლიციამ ჟურნალისტები არ შეუშვა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, საკითხი წარმოადგენს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემას და მედიის დისტანცირება პროცესებიდან დაუშვებელია.

„სისტემატური ხასიათი აქვს ადამიანების პირადი თავისუფლების ხელყოფის, თავისუფლად გადაადგილებისა და საკუთრების უფლების, ასევე სოციალური და კულტურული უფლებების უხეშ დარღვევას და მკვეთრად გაუარესებულია ჰუმანიტარული გარემო – მედიის დისტანცირება პროცესებიდან დაუშვებელია“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

მათი თქმით, შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტების მიყვანა საოკუპაციო ძალების მიერ გავლებულ ახალ ბოძებსა და ღობეებთან შესაძლებელს ხდის, ვითარების მხოლოდ მცირე ფრაგმენტი გაშუქდეს.

„პრაქტიკა, რომელიც დამკვიდრდა და გულისხმობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების საოკუპაციო ძალების მხრიდან  უკვე გავლებულ ახალ ბოძებთან და ღობეებთან „მიყვანას“, საზოგადოებისთვის არსებული ვითარების მხოლოდ მცირე ფრაგმენტის ჩვენებას ხდის შესაძლებელს და აზიანებს საზოგადოებრივ ინტერესს – იყოს სრულად ინფორმირებული ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, ამგვარი პრაქტიკა შეიძლება შეფასდეს, როგორც კონტრპროდუქტიული.

სახელმწიფო უწყებები უნდა აცნობიერებდნენ, რომ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესების  სრულფასოვანი გაშუქება, აუცილებელია კონფლიქტის რეალური სახის წარმოჩენისთვის და ასევე ეხმარება სახელმწიფოს არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალმხრივი ინფორმირების უზრუნველყოფის პროცესში“, – წერია განცხადებაში.

შესაბამისად, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეიმუშაოს მექანიზმი, რომელიც მცოცავი ოკუპაციის გაშუქებისას, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას და მეორე მხრივ, მისცემს მათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობას.