პერსონალი მუშაობს მუქარის ქვეშ. ეს ადამიანები დასახელდებიან და მათით დაკავდება შესაბამისი სამსახურები - ჩხაიძე

პუბლიკა

„ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კლინიკის პერსონალი მუშაობს „წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ“, ემუქრებიან ყველა ექიმს, მათ შორის თავად მას და მისი ოჯახის წევრებს.

„მინდა, განვაცხადო, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ, წარმოუდგენელი მუქარების ქვეშ, კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან ყველა ექიმს.

იქნება ეს კონკრეტულად დასახელებული. წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ მუშაობს პერსონალი იმიტომ, რომ უკვე გადავიდნენ მუქარებზე, არა ჩვენზე კონკრეტულად, უკვე ოჯახის წევრებზეც, ამიტომ ყველა ეს ადამიანი დასახელდება, ყველა ამ ადამიანით დაკავდება შესაბამისი სამსახურები, მე ვფიქრობ, რომელსაც ეს ევალება, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს. ყველა ამ ქმედებას, იცით თქვენ, რომ მოჰყვება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“, – უთხრა ჟურნალისტებს ჩხაიძემ.

თუმცა, მას არ დაუსახელებია კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ემუქრებიან.

მისივე თქმით, ემუქრებიან როგორც ტელეფონით, ასევე შეტყობინებებითა და სოციალურ ქსელებში.

ჩხაიძე ამბობს, რომ მუქარას „შესაბამისი პასუხი გაეცემა“ და მუქარის ავტორები დასახელდებიან.