კლინიკებში დასაქმებულთა მინიმალური ხელფასის დადგენისა და სხვა მოთხოვნებით „სოლიდარობის ქსელმა“ სამინისტროს მიმართა

პუბლიკა

დღეს „სოლიდარობის ქსელის“ პროფესიული კავშირების წევრმა მედიცინის მუშაკებმა ჯანდაცვის მინისტრს წერილით მიმართეს, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც პროფესიული კავშირის ჩართულობით შეისწავლის სამედიცინო პერსონალის პრობლემებს და „საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს, ექთნებსა და ექიმებთან ერთად რაც შეიძლება მალე დადგინდეს მინიმალური საათობრივი ანაზღაურება კლინიკებში დასაქმებულ სხვა თანამდებობებზე (სანიტრები, ლაბორანტები, დამხმარე პერსონალზე და ა.შ)“.

„სოლიდარობის ქსელის“ ცნობით, სანიტრების საშუალო ხელფასი საშუალოდ თვეში 140-დან 240 ლარამდე მერყეობს.

ორგანიზაცია წერილში ყურადღებას ამახვილებს დამსაქმებლების მხრიდან ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების გადახდისგან თავის არიდების მიზნით შესაძლო დარღვევებზეც (მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის 1 იანვრის დადგენილებით, კლინიკა ვალდებულია, უზრუნველყოს ექიმისა და ექთნისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება (ექიმისთვის არანაკლებ 7 ლარისა საათში; ექთნისთვის − არანაკლებ 4.4 ლარისა საათში).

„მიმდინარე წლის 1 იანვრიდან მოყოლებული პროფესიულ კავშირში არაერთი შეტყობინება შემოვიდა, სადაც დასაქმებულები დამსაქმებლის მხრიდან უკანონო ქმედებაზე მიუთითებდნენ, კერძოდ, ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული მინიმალური საათობრივი ანაზღაურებისგან თავის არიდების მიზნით კლინიკები ექთნებთან/ექიმებთან მოტყუებით ახალ შრომით ხელშეკრულებას დებენ და დასაქმებულები დაბალ თანამდებობაზე გადაჰყავთ, რაც დარღვევას წარმოადგენს. ფაქტია, დამსაქმებლების უმეტესობა ცდილობს თავი აარიდოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ ვალდებულებას. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურმა შეიმუშაოს დამსაქმებლის გაკონტროლების ქმედითი ბერკეტი, რათა კეთილსინდისიერად და ჯეროვნად მოხდეს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შესრულება“, – ვკითხულობთ მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში.

წერილში აღნიშნულია, რომ მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დადგენა მხოლოდ ექთნებსა და ექიმებს შეეხოთ, თუმცა კლინიკაში დასაქმებული სხვა თანამშრომლები, რომლებიც მიზერულ ხელფასზე მუშაობენ, ყურადღების მიღმა დარჩნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის დადგენილება კლინიკის სხვა თანამშრომლებზეც გავრცელდეს და მინიმალური ანაზღაურების ვალდებულება აღნიშნული დასაქმებულების მიმართაც გაჩნდეს.  მაგალითისთვის, კლინიკებში დასაქმებული სანიტრების ანაზღაურება უმეტეს შემთხვევაში ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით რეგიონებში დგას, სადაც ზოგიერთ შემთხვევაში სანიტრის ანაზღაურება 200 ლარზე ნაკლებია. ამიტომ ამ თანამდებობაზე მყოფი ადამიანებისთვის მინიმალური ხელფასის ოდენობის დაუყოვნებლივ დადგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – ვკითხულობთ წერილში.