აშშ-ის საჰაერო ძალებმა ჩინური საჰაერო ბურთი ჩამოაგდო

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების F-22 ტიპის გამანადგურებელმა ჩინური, სავარაუდოდ, სადაზვერვო საჰერო ბურთი ჩამოაგდო.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბურთის ჩამოგდების ნებართვა დღეს საღამოს გასცა. ნებართვის მიღების შემდეგ შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში აიკრძალა ფრენა და დახურეს აეროპორტები.

საჰაერო ბურთი მას შემდეგ ჩამოაგდეს, რაც შეერთებული შტატების ტერიტორია გადაკვეთა და ატლანტიკის ოკეანის თავზე მოექცა. ვაშინგტონში შიშობდნენ, რომ ბურთის ხმელეთის თავზე ჩამოგდების შემთხვევაში მისი ნამსხვრევები მოქალაქეებს შეუქმნიდა საფრთხეს.

ჩინური საჰაერო ბურთი აშშ-ში პირველად მონტანას შტატის თავზე შენიშნეს. მისმა გამოჩენამ შტატების საჰაერო სივრცეში ბეიჯინგსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმავა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

თუმცა პენტაგონში განაცხადეს, რომ ბურთი სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით საფრთხეს არ წარმოადგენდა. ჩინეთის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ობიექტი სამოქალაქო დანიშნულებისაა და აშშ-ის თავზე გამიზნულად არ მოხვედრილა.