თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლებაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილება რამდენიმე წამის წინ გამოცხადდა.
„დაახლოებით 15 სხდომა ჩავატარეთ, დავკითხეთ 24 მოწმე. მოგახსენებთ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს ადგილზე თათბირით: მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან განჩინების აღსრულების გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა მოსამართლემ.
დღევანდელ სხდომაზე სააკაშვილის ადვოკატებმა და პენიტენციური სასამართლოს წარმომადგენლებმა პროცესზე დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.
„ვშუამდგომლობ თქვენ წინაშე, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან, იგი მძიმე ავადმყოფია, ან ალტერნატივის სახით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის თანახმად მოხდეს მისი განაჩენის აღსრულების გადავადება მის გამოჯანმრთელებამდე ან გამოჯანმრთელების მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე, ვინაიდან , მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას.
ამ საქმეს უნდა ჰყავდეს მხოლოდ ერთი გამარჯვებული, საქართველო. წარმოუდგენელია „ვეფხისტყაოსნის“ ერს 21-ე საუკუნეში პრეზიდენტი ციხეში უკვდებოდეს. ჩემი აზრით, ეს დაუშვებელია. მიმაჩნია, რომ გვეყო დაპირისპირება, ლანძღვა, შურისძიება, მინდა ვიყოთ მიმტევებლები და ჰუმანურები, უნდა დავიწყოთ ძლიერი საქართველოს შენება, სხვა გზა არ გვაქვს. სხვანაირად ჩვენნაირი პატარა ერი ვერ გადარჩება, ბატონო მოსამართლევ, დღეს თქვენ შეგიძლიათ თქვენი გადაწყვეტილებით ითამაშოთ ისტორიული როლი და საფუძველი ჩაუყაროთ დიდ შერიგებას“, – განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა ხაჭაპურიძემ პროცესზე.
პენიტენციური სამსახური ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებები არ იძლევა სარწმუნო ინფორმაციას მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის სიმძიმესთან დაკავშირებით და იგი ვერ დაედება საფუძვლად სასჯელის მოხდის გადავადების საკითხს.
„მოთხოვნა ემყარება ცენტრ ,,ემპათიის“ მიერ გაცემულ დასკვნას. აღნიშნული დასკვნისა და შუამდგომლობის ავტორი მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების დაკითხვის ანალიზი ცხადყოფს, რომ არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდგომ – სსსკ) 283-ე მუხლით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების გადავადების წინაპირობები“, – განაცხადა პროცესზე ნიკა აბრამიშვილმა, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა.
აბრამიშვილი პროცესზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილისთვის დასმული ყველა დიაგნოზის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება სრულყოფილად არის შესაძლებელი პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პირობებში.
„არც ცენტრ ,,ემპათიის“ დასკვნით და არც სასამართლო პროცესზე მოწმეთა დაკითხვისას არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების მიუწოდებლობა ან არაჯეროვნად მიწოდება. დაკითხული მოწმეები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საუბრობდნენ მსჯავრდებულისთვის არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე, ცდილობდნენ საზოგადოებისა და სასამართლოს სიცრუეში შეყვანას“, – აღნიშნა მან.
დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ „არავის უწამებია, არც არავის მოუწამლავს, არც არავინ კლავს და არც მოკვდება“.