მაგდა პაპიძე უვადო ქალი პატიმრების პრობლემებზე პარლამენტს მიმართავს

პუბლიკა

უვადო მსჯავრდებული მაგდა პაპიძე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს და დახურულ რეჟიმში უვადო მსჯავრდებულებისთვის ყოფითი და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საჭიროებაზე წერს.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დღეს მოქმედი „პატიმრობის კოდექსის” მიხედვით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულები სასჯელს დახურული რეჟიმის დაწესებულებაში იხდიან, რაც რიგი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს.

როგორც პაპიძე წერს, ზემოთ აღნიშნული „ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური, მენტალური ჯანმრთელობისთვის არასასურველი, ფაქტობრივი შედეგის მომტანია, მით უმეტეს მსჯავრდებულთა იმ კატეგორიისთვის, რომელთაც უვადო მსჯავრდებიდან გამომდინარე დიდი დრო აქვს გასატარებელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“.

მაგდა პაპიძე განმარტავს, რომ დახურული რეჟიმი უვადო მსჯავრდებულებისთვის არ ითვალისწინებს:

  • უმაღლესი განათლების მიღების უფლებას;
  • ღია სივრცეს და რეკრეაციულ ზონას ფლორით;
  • უვადო მსჯავრდებულს არ ეძლევა დასაქმების საშუალება და იმ ღონისძიებებზე დასწრების ან ჩართულობის საშუალება, რომელიც იმართება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში;
  • სხვა მსჯავრდებულებისგან განსხვავებით, უვადო მსჯავრდებულებს არ აქვთ შემეცნებით, სპორტულ, სახელოვნებო, მარეაბილიტირებელ კურსებში ჩართვის და მონაწილეობის შესაძლებლობა;
  • მათ შეზღუდული აქვთ კომუნიკაციის უფლება, რაც გამოიხატება თვეში სამჯერ 15-წუთიანი სატელეფონო ზარით, ორსაათიანი პაემნით ოჯახის წევრებთან თვეში ერთხელ და 24-საათიანი პაემნით წელიწადში ორჯერ;
  • უვადო მსჯავრდებულებს არ აქვთ უფლება, პირადად ისარგებლონ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მაღაზიით ან ბიბლიოთეკით;
  • მათ აქვთ უფლება, დღეში ერთხელ, ერთი საათით, ჭერახდილ ოთახში გაისეირნონ, „სადაც ვერ აღწევს მზის სხივები და ჯანმრთელობისთვის საჭირო D ვიტამინი“;
  • დახურული რეჟიმი ისეთი უვადო მსჯავრდებულებისთვის, რომელთაც ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, დიაბეტი აქვთ, არ ითვალისწინებს სათანადო ფიზიკურ აქტივობებს;
  • „დახურული რეჟიმის პირობებში ვერ აღწევს დღის სინათლე ისე, როგორც ეს ადამიანს ოფთალმოლოგიური ჯანმრთელობისთვის სჭირდება, ასევე ყოველდღიური წერა-კითხვის, შემოქმედებითი თუ ხელსაქმის პროცესისთვის.

მაგდა პაპიძე საკანონმდებლო წინადადებაში განმარტავს, რომ მისი მიზანია მსჯავრდებული ქალების ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რაც მნიშვნელოვანია მათი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესანარჩუნებლად.

ასევე საკანონმდებლო წინადადების მიზანია გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვა, რადგან, დოკუმენტის მიხედვით, უვადოდ მსჯავრდებული მამაკაცებისთვის შემსუბუქდა დახურული რეჟიმი, მათ მიეცათ ღია სივრცეში შრომის უფლება, ხოლო N5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც უვადოდ მსჯავრდებული ორი ქალი იხდის სასჯელს, მათ მიმართ ასეთი მიდგომა არ არის, რაც პაპიძის შეფასებით, გენდერული უთანასწორობაა.

მაგდა პაპიძის ინტერესების დამცველმა იურისტმა ეკა ქობესაშვილმა 24 იანვარს გამოქვეყნებულ მასალაში „რადიო თავისუფლებას“ მიაწოდა ინფორმაცია, რა პირობებში იხდის სასჯელს პაპიძე.

„ის ცხოვრობს პატარა საკანში, სადაც იმყოფება 23 საათის განმავლობაში, ხოლო ერთ საათს ატარებს ე.წ. ჰაერზე, რომელიც ასევე პატარა, ბეტონის საკანია, უბრალოდ, დახურული ჭერის ნაცვლად არის გისოსები, საიდანაც იღებს ჰაერს და ჩანს ცა, სხვა არაფერი. მას აქვს სხვადასხვა სახის დაავადებები, აქვს ენდოკრინოლოგიური პრობლემა, დიაბეტი, დაპატიმრების შემდეგ დაეწყო მენოპაუზა. მისი ეს პრობლემები უკავშირდება ცხოვრების იმ პირობებს, რა პირობებშიც ახლა ის დაწესებულებაში იმყოფება.

უვადო პატიმარი მამაკაცების შემთხვევაში არსებობს პრეცედენტული, ექსპერიმენტული მიდგომა, როდესაც რამდენიმე პატიმარი გადაიყვანეს ღია დაწესებულებაში. ასევე ეძლევათ სუფთა ჰაერზე ყოფნის უფრო მეტი დრო, თუკი ისინი ჩართულები არიან, მაგალითად, მებაღეობის პროგრამაში. მაგდა ამ შესაძლებლობას მოკლებულია… ის უკვე შვიდი წელია, იმყოფება მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში და ამ შვიდი წლის განმავლობაში, არანაირი საყვედური და გადაცდომა არ აქვს და გამოირჩევა სანიმუშო ყოფა-ქცევით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ შეღავათები ამ კუთხითაც შეიძლება გაკეთდეს. ვფიქრობთ, რომ მას უნდა მიეცეს ჰაერზე ყოფნისთვის და ფიზიკური აქტივობისთვის მეტი სივრცე, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო არ გართულდეს“, – უთხრა მან „რადიო თავისუფლებას“.


მაგდა პაპიძეს წინასწარი შეცნობით ქმარ-შვილის განზრახ მკვლელობისთვის 2016 წლის 6 ივლისს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს და გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად მიიღეს.

მაგდა პაპიძის დაცვის მხარემ განაჩენი მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო.

მისი საქმე პროცედურული დარღვევების გამო დაუშვებლად ცნო ევროპულმა სასამართლომ. სასამართლოს განმარტების თანახმად, მაგდა პაპიძის საჩივარმა დასაშვებობის კრიტერიუმი ვერ გადალახა, რადგან მან ევროპულ სასამართლოში სარჩელის გაგზავნა დააგვიანა.

მაგდა პაპიძე ითხოვდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე და მეთოთხმეტე მუხლებზე დარღვევის დადგენას, რაც გულისხმობს ადამიანის წამებისა და დისკრიმინაციის აკრძალვას.

სტრასბურგში გაგზავნილი საჩივარი ეხებოდა მაგდა პაპიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მისი დაკავებისა და გამოკითხვის პროცესში, მასზე ოთხმა პოლიციელმა იძალადა, რასაც მოჰყვა მისი ორსულობის შეწყვეტა.