უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოულოდნელად ევროპული ტურნე წამოიწყო. 8 თებერვალს ის ლონდონში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს რიში სუნაკს, ასევე მონარქს, ჩარლზ III-ს შეხვდა.
რიში სუნაკთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა გაერთიანებული სამეფოსგან მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას მიიღებს.
„ჩვენ მივიღებთ სამხედრო დახმარების ძლიერ პაკეტს დიდი ბრიტანეთისგან. ჩვენ შევთანხმდით ჯავშანტექნიკის დიდ რაოდენობაზე, შორი მოქმედების შეიარაღებასა და უკრაინელი პილოტების გაწვრთნაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა ხელი მოაწერეს „ლონდონის დეკლარაციასაც“, რაც ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. რიში სუნაკმა და ზელენსკიმ დაათვალიერეს სამხედრო ბაზაც, სადაც ბრიტანულ ტანკებზე უკრაინელი სამხედროების წვრთნები მიმდინარეობს.
ლონდონში ვიზიტისას ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტსაც მიმართა. სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს უკრაინელი პილოტის ჩაფხუტი აჩუქა, რომელზეც პილოტის წარწერა იყო დატანილი – „ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მოგვეცით ფრთები, რომ დავიცვათ ის“.
ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლის ბოლოს პარლამენტს მიმართა, რომ წინასწარ უხდის მადლობას „მძლავრი ბრიტანული სამხედრო თვითმფრინავებისთვის“. ბრიტანეთში უკრაინისთვის ავიაციის გადაცემის შესაძლებლობის განხილვა დაიწყეს.
ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინვე ლონდონიდან პარიზში გაფრინდა. იქ უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შეხვდა. დახურული სადილის შემდეგ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის გვერდით დაუდგება უკრაინას, რომ ქვეყანამ შეძლოს გამარჯვება და მშვიდობის მოპოვება.
ასევე მაკრონის თქმით, ამ ომში რუსეთმა არ და ვერ უნდა გაიმარჯვოს. უკრაინისადმი კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც. მისი განცხადებით, გერმანია უკრაინას მხარს დაუჭერს მანამ, სანამ ეს მას დასჭირდება.
პარიზში ვიზიტისას ემანუელ მაკრონმა ზელენსკის საპატიო ლეგიონის ორდენიც გადასცა, რომელიც საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც განსაკუთრებული სამხედრო ან სამოქალაქო სიმამაცისთვის გადასცემენ.
დღეს კი ემანუელ მაკრონი და ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ერთად გაემგზავრნენ. სადაც ზელენსკი ევროპულ ტურნეს განაგრძობს უკრაინისთვის მხარდაჭერის განმტკიცების მიზნით.