არარსებული დღის წესრიგის შექმნის მცდელობაა თავისი ნახატის გამტაცებლის დაცვა - მდინარაძე

პუბლიკა

„ბრძოლა თავისივე მოგონილი პრობლემის აღმოსაფხვრელად – ამ ტრენდის დალაგების და არარსებული დღისწესრიგის შექმნის მცდელობაა თავისი ნახატის გამტაცებლის ავტორის ასე თავგამოდებით დაცვა, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მას დასაცავი არაფერი ჭირს“,- ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მხატვარ სანდრო სულაბერიძის მხარდამჭერ აქციას.

„ზუსტად იციან, რომ თავისივე საკუთრების ქურდობაში ბრალი ვერავის დაედება. აწეული კამპანიაც საზოგადოებაზე არასწორი წარმოდგენის შედეგი და ერთგვარი მახეა ზედმეტად გულუბრყვილო ან ზედმეტად სუბიექტური ადამიანებისთვის. სამწუხაროა, რომ თვით პრეზიდენტიც კი გაება ამ მახეში“,- წერს მდინარაძე.

„ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია“,- რუსთაველის გამზირზე, ეროვნული გალერეის წინ სანდრო სულაბერიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები აპროტესტებენ სულაბერიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას.

„ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ – ასეთი წარწერა დატოვა მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში, სადაც 4 თებერვალს ჯგუფური გამოფენა გაიხსნა. მხატვარმა წარწერა ავტოპორტრეტის ნაცვლად გააკეთა.

სანდრო სულაბერიძის მიერ კედელზე წარწერის გაკეთებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსს 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.