შტორმმა შეიძლება მცურავი ნაღმები შემოიტანოს, განთავსდება სპეციალური ბარიერები - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში მომხდარი აფეთქების შესახებ განცხადებას ავრცელებს. შსს-ს განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება, ჩატარდა განაღმვითი სამუშაოები, ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები და დანიშნულია ექსპერტიზები.

ასევე შსს-ს განცხადებით, მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლები კატარღებით ათვალიერებენ ნავსადგურებს, ბათუმისა და ფოთის მიმდებარე აკვატორიას და აკვირდებიან სანაპირო ზოლს. ასევე მონიტორინგი მიდის დრონების საშუალებითაც.

„უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სანაპირო ზოლის გასწვრივ განთავსდება სპეციალური ბარიერები.

საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად გამოიცა სპეციალური ცირკულარი, ნავიგაციის უსაფრთხოების ზომების შესახებ. ნავსადგურების კაპიტნებისა და ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის, კომერციული, სატრანსპორტო და სატვირთო გემების, აგრეთვე თევზსაჭერი სეინერების წარმომადგენლების ინფორმირება“, – აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, სპეციალური ტექნიკით საქართველოს ტერიტორიულ წყლებში პრევენციულ ღონისძიებებსაც მიმართავენ, ასევე გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს მეთევზეებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სხვ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფეთქება სავარაუდოდ საზღვაო ნაღმს უკავშირდება, რადგან უწყების ცნობით, რეგიონში არსებული ვითარების გამო, ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა შავი ზღვის მიმდებარე სხვა სახელმწიფოებშიც.

„საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტსა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში, გასული წლის განმავლობაში განხორციელდა ინფორმაციის მოწოდება, კერძოდ, ბულგარეთის შავი ზღვის სასაზღვრო საკოორდინაციო და საინფორმაციო ცენტრიდან და თურქეთის ეროვნული საკოორდინაციო ცენტრიდან მიღებულ იქნა ინფორმაცია შავი ზღვის აუზის ქვეყნების საზღვაო სივრცეში (თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და უკრაინა) აღმოჩენილი მცურავი ნაღმების შესახებ.

ასევე გვეცნობა, რომ ცუდი მეტეოროლოგიური პირობების (შტორმი) შედეგად, შესაძლებელია, მცურავი ნაღმები შემოტანილ იქნას საქართველოს საზღვაო სივრცეში“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.


ბათუმში, სანაპიროსთან ახლოს, აფეთქება 13 თებერვალს მოხდა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოკადრებში შავი ფერის მცურავი ობიექტი ჩანს, რომელიც საზღვაო ნაღმს ჰგავს.