საპატრიარქო გელათის სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მომუშავე უცხოელი სპეციალისტები უნდა ჩანაცვლდეს მაღალი კომპეტენციის პროფესიონალთა ჯგუფით.
განცხადება ამ დროისთვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდიდან წაშლილია.
განახლება: საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე განცხადება მცირე შესწორებებით კვლავ გამოქვეყნდა:
საპატრიარქოს განცხადებით, გელათის საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-19 წლებში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო.
საპატრიარქოს განცხადებით, ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა – ტაძრის სტრუქტურაში სახურავზე წარმოებული სამუშაოებიდან და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებიდან წყლის ჩადინება – ინფილტრაცია დაიწყო.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2021 წლამდე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. კერძოდ, ტაძრის ინტერიერში თავი იჩინა გამომარილებისა და მხატვრობის დაზიანების პროცესმა.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ამ პერიოდის შეფასებაში გაურკვეველი და ბუნდოვანი არაფერია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ცხადი გახდა, რომ მხატვრობის დაზიანების სირთულისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, საჭირო იყო მაღალკვალიფიციური უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, რომელთაც შესაბამისი კომპეტენცია და ტექნიკური რესურსი ექნებოდათ და ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად უმკურნალებდნენ და გადაარჩენდნენ გელათის მხატვრობას.
„სწორედ ამ ეტაპმა გამოიწვია დღევანდელ პოზიციათა სხვაობა და უკავშირდება 2021 წლის ზაფხულში გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციისთვის მოწვეული ჯგუფის ჩამოყვანას. მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შემდეგ გელათის კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა. სახეზე გვაქვს არასრული, მწირი დოკუმენტაციის წარმოება. ამას ცხადყოფს ოთხივე მაღალკვალიფიციური დასკვნა, კერძოდ: სტივენ რიკერბისა და ლიზა შეკედესი (რომელიც თავად კულტურის სამინისტრომ დაუკვეთა); საპატრიარქოს მიერ მოწვეული, საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერების: ოსტინ ნევინის, ლორინდა ვონგის, სარა სტენიფორთისა და ფრანჩესკა პიკეს ანგარიში;
ასევე ჩვენი თხოვნით შესრულებული „იკომოს საქართველოს“ კონსერვაციის კუთხით მომზადებული დასკვნა; და აგრეთვე ჩვენი მიმართვის საფუძველზე, ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ შექმნილი მოცულობითი ნაშრომი. ეს ოთხივე ანგარიში ერთიან და იდენტურ პოზიციაში მოდიან იუნესკოს მიერ მოვლენილ ექსპერტთა დასკვნასთან, რომელთაც მათი მისია გელათში 2022 წლის 28 ნოემბრისა და 2 დეკემბრის პერიოდში განახორციელეს“ – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპატრიარქო აღნიშნავს, რომ არ შედის კონსერვაცია-რესტავრაციისა და ხელოვნებათმცოდნეობის პროფესიული და მეცნიერული ტიპის მსჯელობასა და შეფასებებში, რამდენადაც ეს მათ კომპეტენციას სცილდება, თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ ხელთ არსებული საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშების თანხვედრა ეჭვქვეშ აყენებს მოქმედ კონსერვაციის სპეციალისტთა ჯგუფის შესაბამის კომპეტენტურობას.
„საჭიროა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს გელათის რეაბილიტაციის ერთიანი მართვის გეგმით წარმოება. უნდა შეიქმნას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ჩვენი ქვეყნის დარგის მეცნიერებთან ერთად მჭიდრო კავშირით ითანამშრომლებენ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ და ადგილობრივ რესტავრატორების ინტეგრირებულ ჯგუფთან“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფის მოწვევა საქართველოში მოხდა კულტურის სამინისტროს მიერ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ გელათის პრობლემატიკის სიღრმისეული შესწავლისათვის უმნიშვნელოვანესი იყო ილია II-ის გაგზავნილი წერილი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორის, ლაზარე ელუნდუ ასსომოსა და იკომოსის პრეზიდენტის, ტერეზა პატრიციის მიმართ.
საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ იუნესკოს მიერ მოწოდებული ანგარიშის მძაფრი კრიტიკულობიდან და ასევე ზემოთ ნახსენები სხვა საექსპერტო დასკვნებიდან და რეკომენდაციებიდან გამომდინარე, მათთვის გაუგებარია კულტურის სამინისტროს პოზიცია და დღეს მომუშავე ჯგუფის და, ზოგადად, მთელი ამ მისიის ადვოკატირება:
„მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია! საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა! მიგვაჩნია, რომ ამ დრომდე მომუშავე უცხოელი სპეციალისტები უნდა ჩანაცვლდეს მაღალი კომპეტენციის პროფესიონალთა ჯგუფით“ – აცხადებენ საპატრიარქოში.
რა მოხდა გელათში?
გელათი სამონასტრო კომპლექსში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. 2018- 2019 წელს გელათში უხარისხოდ ჩატარებული გადახურვის სამუშაოების შედეგად წყალი ჩავიდა, რის გამოც კედლის მხატვრობა დაზიანდა.
2021 წლის ივნისში, წულუკიანის გამინისტრებიდან ორ თვეში, იტალიური ასოციაცია „სუარდოს” ექსპერტებმა ტაძრის მხატვრობის კონსერვაციის გეგმა შეადგინეს. ამ დასკვნაზე დაყრდნობით, გელათში გადაუდებელი კონსერვაციის სამუშაოები დაიწყეს. სამუშაოები მერაბ ბუჩუკურსა და მის გუნდს მიანდეს.
ფრესკების რესტავრაციაზე იტალიური ასოციაციის წარმოდგენილი გეგმა მაშინვე დაიწუნეს ქართველმა ექსპერტებმა. ქართველი სპეციალისტები ამბობდნენ, რომ სველ კედელზე სრული საკონსერვაციო სამუშაოების დაწყება საერთაშორისო სტანდარტის დარღვევა იყო და ძეგლის მდგომარეობას გააუარესებდა. კრიტიკა სამინისტრომ არ გაითვალისწინა და სამუშაოები დაიწყო.
სამუშაოების დაწყებიდან ერთი წლის თავზე საპატრიარქოს მოწვევით გელათში ამერიკელი ექსპერტები ჩამოვიდნენ. ექსპერტები სამონასტრო კომპლექსს 2022 წლის 30 აპრილიდან 4 მაისამდე სტუმრობდნენ. ამერიკელმა ექსპერტებმა საკონსერვაციო – სარესტავრაციო სამუშაოები გააკრიტიკეს, სამუშაოების შეჩერებისა და ახალი გეგმის შექმნის რეკომენდაცია გასცეს.
ამ დასკვნის მომზადებიდან მალევე, ოქტომბრის დასაწყისში, საპატრიარქოს მოთხოვნით კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები შეჩერდა.
ამავე პერიოდში, კომპლექსის კონსერვაციის საერთო მდგომარეობის შესაფასებლად სამინისტრომ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS-ისა და ICCROM-ის მრჩეველთა ერთობლივი მისია მოიწვია. მისიამ საქართველო 2022 წლის 2 დეკემბერს დატოვა. UNESCO- ს დასკვნა ჯერ ცნობილი არაა.
უკვე ცნობილია, „icomos საქართველოს“ და ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნები. ორივე დასკვნა კრიტიკულად აფასებს მიმდინარე სამუშაოებს და პროფესიონალების მონაწილეობით სამუშაოების თავიდან დაგეგმვის რეკომენდაციას გასცემენ.
ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა 2023 წლის 30 იანვარს გახდა ცნობილი. სამინისტრომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნის ავტორები ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და დასკვნას კვალიფიკაცია აკლია. ჩუბინაშვილის ცენტრს გამოექომაგა საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნა მათი თხოვნით მომზადდა და არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს.