ომბუდსმენმა „მეფე ერეკლეს აბანოში“ მექისეს მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

პუბლიკა

სახალხო დამცველმა პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა და შპს „ჭრელ აბანოს“ რეკომენდაციით მიმართა.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ რეკომენდაციის საფუძველი გახდა ესპანეთის მოქალაქის განცხადება, რომელშიც განმცხადებელი „მეფე ერეკლეს აბანოში“ (შპს „ჭრელი აბანოს“ საკუთრებაში არსებული დაწესებულება) სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე მიუთითებდა.

„საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ „მეფე ერეკლეს აბანოში“ მომსახურების მიღებისას მექისე მამაკაცის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით, განმცხადებლის მიმართ არასასურველი, სექსუალური ხასიათის ფიზიკურ ქცევას, რომელმაც ქალს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს „ჭრელ აბანოს“, მის საკუთრებაში არსებულ მომსახურების გამწევ დაწესებულებებში, მათ შორის „მეფე ერეკლეს აბანოში“ შეიმუშაოს მომსახურების წესები; შეიმუშაოს შიდა მექანიზმი დასაქმებული პერსონალის მხრიდან პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს შესაძლო გადაცდომებზე ეფექტიანი და ადეკვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად; კომპანიის საკუთრებაში არსებული დაწესებულებების თანამშრომლებს ჩაუტარდეთ სექსუალური შევიწროების საკითხებზე სასწავლო ტრენინგები; ასევე, დისკრიმინაციის (მათ შორის, სექსუალური შევიწროების) ამკრძალავი დებულებები ასახოს შრომის შინაგანაწესში, კოლექტიურ ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებში, უზრუნველყოს მათი შესრულება და გაატაროს ღონისძიებები სამუშაო ადგილზე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად.