ენათმეცნიერების ინსტიტუტში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა 14 თებერვალს მოხდა. ენათმეცნიერ გიორგი გოგოლაშვილის თქმით, შენობა ავარიულია, თუმცა პრობლემა აქამდე ვერ მოგვარდა. გოგოლაშვილის თქმით, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე შენობას წლებია, მეოთხე კატეგორიის ავარიული შენობის სტატუსი აქვს და ამის შესახებ სახელმწიფოს ყველა ინსტანციამ იცის.
„ავარიული შენობა არის დიდი ხანია, მეოთხე კატეგორიის ავარიული. იცის ეს ყველა ინსტანციამ და გვპირდებიან მდგომარეობის გამოსწორებას, ანუ ახალ შენობას ან გარემონტებას და ა.შ. მაგრამ, ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ისევ აქ ვართ და სამწუხაროდ, აი, ინგრევა შენობა.
აქ ჩემი სამუშაო კაბინეტია, დიდი ხანია აქ ვმუშაობ და შემთხვევით იმ დროს რომ ვინმე ყოფილიყო ამ კაბინეტში, ცხადია აქ ისეთი მდგომარეობაა, რომ შესაძლებელია ძალიან ცუდი შედეგი მოჰყოლოდა ყოველივე ამას“, – თქვა გოგოლაშვილმა ტელეკომპანია „მთავართან“.