„სააკაშვილი კარგი მსახიობია" - ღარიბაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე

პუბლიკა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს შესაბამის მკურნალობას უწევენ და რაც შეეხება კლინიკიდან გავრცელებულ კადრებს, მისი თქმით, „ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია“.

„მე არ მინდა სპეკულირება ამ საკითხზე, პრეზიდენტი სააკაშვილი კერძო კლინიკაში მკურნალობს.ხალხმა მინდა იცოდეს, რომ საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა, პირველ ოქტომბერს, ზუსტად რომ ვთქვა და იდეა მისი დაბრუნებისა იყო რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება. წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გეგმა და ციხეში აღმოჩნდა.

ჩვენ გადავიყვანეთ კერძო კლინიკაში, ხალხს აღარ გადავღლი დეტალებით, მაგრამ რადგან კითხვა დაისვა, მინდა, პასუხი გავცე. ის მკურნალობს კერძო კლინიკაში, 8 თვეზე მეტია უკვე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას, ყველა პრივილეგიას, რაც არ გააჩნია სხვა პატიმარს.

თქვენ ახსენეთ კადრები, ფოტოები, მე იმას ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაქსიმალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ჩვენ შეთავაზება გავუკეთეთ მის ოჯახს, რომ ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი კლინიკიდან, თუ სჭირდება, რეალურად მკურნალობა, საქართველოში ჩამოიყვანონ, ესაა ჩემი პასუხი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, სააკაშვილის ოჯახმა ლობისტური კომპანიები დაიქირავა და ბევრ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს. „რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ ვიდეოთი, ფეისბუქზე, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას“, – თქვა ღარიბაშვილმა.