Wolt-ის კურიერები კომპანიის ოფისთან მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ

პუბლიკა

Wolt-ის კურიერები და მათი მხარდამჭერები კომპანიის ოფისთან მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი მოთხოვნებია: 

  1. ღირსეული ანაზღაურება და სამუშაო პირობები.
  2. კოლექტიური მოლაპარაკება პარტნიორ კურიერებთან.
  3. ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ადიანების ანტიკონსტიტუციური დევნა და დეჰუმანიზაცია კომპანიის მხრიდან.
  4. Wolt-დან (რომლის 100% წილის მფლობელია „Wolt-ფინეთი”) გათავისუფლდნენ დირექტორი ნატალია ხიზანიშვილი და ოპერაციების დეპარტამეტის უფროსი გიორგი ჯაკობია.

„ჩვენი მოთხოვნების მესამე პუნქტი მათ მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებულ ქმედებებს ეხება. საერთაშორისო კომპანიაში ასეთი ადამიანების ადგილი არ არის”, – ამბობენ კურიერები.

კოლექტიურ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომპანია აცხადებს, რომ აღნიშნული ფორმატი შედეგს ვერ გამოიღებს და ვერ იქნება კონსტრუქციული.

„ჩვენი შეთავაზება რჩება ძალაში და მზად ვართ, უშუალოდ ორგანიზატორებისგან მოვისმინოთ მოთხოვნები და განვიხილოთ პრობლემების გადაჭრის გზები. თუმცა, მსგავს შეხვედრაზე 200-მდე ადამიანის დასწრება შედეგს ვერ გამოიღებს და ვერ იქნება კონსტრუქციული. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთავაზობთ აქციის ორგანიზატორებს, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლას, კომპანიის ოფისში შეხვედრას და აქციის მონაწილეთა მოთხოვნების განხილვას”, – აცხადებდა კომპანია Wolt გასულ კვირას.

რაც შეეხება ანაზღაურებას, მათი თქმით, 15 თებერვლიდან Wolt-პლატფორმაზე გაეშვა პარტნიორი კურიერების ანაზღაურების ახალი სისტემა.

„სისტემა ითვალისწინებს პარტნიორი კურიერისთვის შეკვეთის ანაზღაურების წინასწარ შეტყობინებას. შეკვეთის დადასტურებამდე, კურიერს აპლიკაციაში გამოუჩნდება კონკრეტული ტარიფი და უფრო ინფორმირებულად მიიღებს გადაწყვეტილებას, დაეთანხმოს თუ უარი განაცხადოს შეკვეთის განხორციელებაზე.

ჩვენთვის ცნობილია, რომ პარტნიორი კურიერები უკმაყოფილოები იყვნენ ძველი სისტემით, ამიტომ, მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ Google Maps-ის სერვისი. ეს სისტემა უფრო ზუსტად დათვლის კურიერების მიერ განვლილ მანძილს და, შესაბამისად, მეტ სარგებელს მოუტანს მათ”, – ნათქვამი იყო მათ განცხადებაში.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ერთ-ერთი კურიერი გიორგი გიორგაძე ამბობს, კომპანიის განცხადება, რომ აპლიკაციაში გამოჩნდება კონკრეტული ტარიფი – რეალურად გავლენას ვერ მოახდენს ანაზღაურების ოდენობაზე. ეს არც ყოფილა მათი მოთხოვნა და არც არანაირი შედეგის მომტანი რ იქნება ამ მიმართულებით.

ანაზღაურების მიმართულებით კურიერების მოთხოვნა უცვლელია – საბაზისო ტარიფის 3.50 ლარამდე გაზრდა და კილომეტრის ანაზღაურება 70 თეთრამდე. ახლანდელი საბაზისო ტარიფი შეადგენს 2.50 ლარს, ხოლო კილომეტრის ანაზღაურება 50 თეთრს.

რაც შეეხება Google Maps, როგორც კურიერი გვეუბნება, ახალი სისტემა მათ ძველ სისტემას სჯობს, თუმცა ის სატესტო რეჟიმშია და დაკვირვებაა საჭირო, რამდენად იქნება გაუმჯობესებული შედეგის მომტანი.