„ხალხის ძალის" კანონპროექტი, 12-პუნქტიანი გეგმა, დემოკრატიის გამოწვევები | რაზე ისაუბრეს სენატორებთან

პუბლიკა

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი დიკ დურბინი საქართველოში პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამერიკელ სენატორებთან ოფიციალური შეხვედრები ხვალ დაიწყება.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში შაჰინი და დურბინი შეხვდებიან სახელმწიფოების მეთაურებს, საკანონმდებლო ორგანოების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები, ასევე შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.

ოპოზიციონერი დეპუტატის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ამერიკელ სენატორებთან შეხვედრზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პრობლემურ საკითხებს.

სამნიძის თქმით, პირველი პრობლემა არის უცხოური გავლენის აგენტის შესახებ ინიციატივა.

„ეს იყო მიღება, სადაც ვიყავით არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებიც პარლამენტიდან, ისევე როგორც ექსპერტები და რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე, რომელიც არ იყო ოფიციალური სახის, ყველა ჩვენგანმა შეძლო, ესაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პრობლემურ საკითხებზე. ნომერ პირველი პრობლემა, რასაც დღეს ვხედავთ ჩვენ, არის უცხოური გავლენის აგენტის შესახებ ინიციატივა, რომელიც წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“ და რომელიც არის პირდაპირი გზით ზურგის შექცევა ჩვენს ევროპულ გზაზე“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

დეპუტატ სალომე სამადაშვილის ცნობით, ჯინ შაჰინი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება.

„ის არის ძალიან გულდაწყვეტილი ისევე, როგორც ჩვენ და ქართველი ხალხი იმით, რომ ჩვენმა ქვეყანამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ამიტომ განსაკუთრებით დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება და ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი. გვქონდა საუბარი გამოწვევაზე, რომელიც არის ქვეყანაში მაგალითად, პოლიტპატიმარი ნიკა გვარამიას არსებობა, რომელიც დღემდე უკანონო პატიმრობაში რჩება. ვფიქრობ, რომ სენატორს ამ შემთხვევაში აინტერესებს, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ დაეხმაროს ჩვენს სახელმწიფოს, რომ ჩვენ მორიგ ჯერზე არ დავკარგოთ შანსი, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

„დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, მათ ასევე ისაუბრეს უსაფრთხოებისა და დემოკრატიის გამოწვევებზე.

„მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პოზიციებზე აჟღერებს მიუნხენში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მათი ვიზიტი. ეს ის ხალხია, რომელსაც ,,ქართული ოცნების” დეპუტატები შეურაცხყოფით მოიხსენიებენ და ის პირებია, რომელსაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა შეუძლიათ ჩვენი უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა ხოშტარიამ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა მიღების შემდეგ განაცხადა, რომ:

,,სენატორ შაჰინთან შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა საქართველოს პროგრესზე, რომელსაც მან 12 – პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან მიმართებაში მიაღწია, ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებზე და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დასავლურ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას შეეხება”, – აღნიშნა მან.