„არ იციან, როდის დასრულდება უკრაინაში ომი, გამოსავალი არ ჩანს“ - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით, საქართველოში სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა, ეკონომიკური განვითარება კი მთავრობის უსაფრთხოების პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიუნხენში ვიზიტის დროს მან დაინახა, რომ „სიტუაცია უკიდურესად გამოუვალია“

„ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა და სიღარიბე. ეს არის ჩვენი 2 წლის მუშაობის შედეგი. აქვე მინდა, ჩვენს საზოგადოებას ვუთხრათ, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პოლიტიკას. ყველაფერი უკავშირდება ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენ რომ სხვა ნაბიჯები გადაგვედგა, საერთოდ არავითარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე საუბარი არ იქნებოდა დღეს.

მე ვიმყოფებოდი მიუნხენში. ძალიან რთული ვითარებაა, გამოსავალი არ ჩანს, არ იციან, როდის დასრულდება უკრაინაში ომი, გამოსავალი არ ჩანს ამ სიტუაციაში, ასე რომ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


კონსპირაციულია თეორია, თითქოს უკრაინას ან დასავლელ პარტნიორებს საქართველოს ომში ჩართვა სურს. ასევე რუსული ნარატივია ინფორმაცია, თითქოს ომში უკრაინა მარცხდება და რუსეთს წინსვლა აქვს.

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის თითქმის 27% დაიკავა, თუმცა დროთა განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე კონტრშეტევა განახორციელა და ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნა. მათ შორის, ხერსონის ოლქის ნაწილი და თავად ქალაქიც. ამ დროისთვის რუსეთს უკრაინის დაახლოებით 18% აქვს ოკუპირებული და ცდილობს დონეცკის ოლქში მიაღწიოს წარმატებას. უკრაინის ხელისუფლება კი დასავლეთისგან დამატებით შეიარაღების მიღებაზე მუშაობს და აცხადებს, რომ რამდენიმე თვეში კიდევ ერთი ძლიერი კონტრშეტევისთვის ემზადება.