თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ აქციები მიზნის მიღწევამდე გაგრძელდება.
ორგანიზატორების თქმით, პარალელურად აქცია მიმდინარეობს ბათუმსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.
„გაძლევთ პირობას, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში მოვალ, ყველა სახლზე დავაკაკუნებ, ყველას დაგელაპარაკებით. საბოლოოდ, მე ვიძლევი პირობას, მე და ჩემი გუნდი ვიქნებით ის ადამიანები, ვინც უზრუნველყოფს მთელი საქართველოდან პროტესტის მობილიზებას დედაქალაქში. ეს იქნება ორგანიზებული, გამარჯვებაზე მოტივირებული ბრძოლა და მოქმედება. დაგველოდეთ და თვალ-ყური გვადევნეთ, დაგველოდეთ და დაგვთვალეთ, ოღონდ მოიმარჯვეთ ხელში ბევრი კალკულატორი იმიტომ, რომ დაგჭირდებათ მალე, იმიტომ რომ მთელი საქართველო ჩვენ ვიქნებით, გავიმარჯვებთ, დავიხსნით პრეზიდენტ სააკაშვილს. საქართველოს ივანიშვილის გარეშე გაუმარჯოს! არ დანებდეთ, ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
აქციას დაესწრო „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და მისი გუნდის წარმომადგენლები.
მისი თქმით, საჭიროა, ქვეყნის მომავლის გარშემო გაერთიანება იმის მიუხედავად, რომ წარიმართა გარკვეული პროცესები, რამაც სააკაშვილის მიმართ სოლიდარობა „მოარღვია“.
მსივე თქმით, ის „მოწადინებულია, რომ ყველა ჩატეხილი ხიდი აღდგეს და ბეწვის ხიდზე ერთსულოვნად გადაიარონ, რომელზეც შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვთ“.