ქარტია მოუწოდებს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება რუსი ჟურნალისტის არშემოშვებაზე

პუბლიკა

საქართველოში რუსი ჟურნალისტი, „რადიო Armazas -ის“ დამფუძნებლი ფილიპ ძიადკო არ შემოუშვეს.

მედიაჩეკერი წერდა, რომ ჟურნალისტის ძმის ტიხონ ძიადკოს თქმით, რომელიც რუსული დამოუკიდებელი არხის „დოჟდის“ მთავარი რედაქტორია, მისი ძმა რამდენიმე საათია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გაჩერებული.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება ჟურნალისტის საზღვარზე არ შემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენლის უფლებებს შეასრულოს მისი პროფესიული მოვალეობა.

ქარტიას მიაჩნია, რომ ჟურნალისტის შეზღუდვის ფაქტი შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს იმ ფონზე, როცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემოსვლაზე ჟურნალისტებს უარი უთხრეს.

  • 2022 წლის 5 მარტს, საქართველოში არ შემოუშვეს რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი მიხეილ ფიშმანი.
  • 2021 წლის 18 ნოემბერს, უკრაინელი ჟურნალისტი და ბლოგერი ვლადიმირ ზოლკინი საქართველოში არ შემოუშვეს.
  • 2021 წლის 27 ოქტომბერს, უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, რედაქტორი ალისია ბაცმანი საქართველოში არ შემოუშვეს.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციების ფონზე, ჟურნალისტების ნაწილი პერიოდულად ტოვებს რუსეთს, ამის ფონზე საქართველოს დახმარება სჭირდებათ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ღიად მომუშავე რუს ჟურნალისტებს, “- ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.