ეს იყო გამძლეობის წელი, უკრაინა გადარჩა და არ დამარცხდა - ზელენსკი

პუბლიკა

„ჩვენ შეგვიძლია ყველა საფრთხეს გავუძლოთ, დაბომბვას, კასეტურ ბომბებს, ფრთოსან რაკეტებს, კამიკაძე დრონებს, ელექტროენერგიის გარეშე ყოფნას, სიცივეს. ჩვენ ამაზე ძლიერები ვართ“, – უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზე მოქალაქეებს მიმართა და მადლობა გადაუხადა სიმამაცისთვის.

„ეს იყო გამძლეობის წელი. განურჩევლობის წელი. გამბედაობის წელი. ტკივილის წელიწადი. იმედის წელი. დაბერების წელი. ერთიანობის წელიწადი. შეუპოვრობის წელიწადი. თებერვალი შეუპოვრობის წელია.

ამ წლის მთავარი შეჯამებაა, რომ გადავრჩით. არ დავმარცხდით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ წელს გავიმარჯვოთ!“ – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ გაიხსენა, როგორი იყო მისი პირველი მიმართვა ომის დაწყების შემდეგ და რომ უკრაინელებმა უკან არ დაიხიეს, ხელში აიღეს იარაღი და წინ აღუდგნენ მტერს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს და ყველას, ვინც უკრაინას დაეხმარა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მისი თქმით, ომმა თითოეული უკრაინელის ცხოვრება შეცვალა, მოუტანა მათ უზომო ტკივილი, რადგან, ფაქტობრივად, ყველა უკრაინელმა დაკარგა  ახლობელი ადამიანი გასული წლის განმავლობაში.

ზელენსკიმ ისაუბრა რუსი სამხედროების დანაშაულებზე, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვაზე, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოში. მისი თქმით, უკრაინელები არ დაივიწყებენ და არ აპატიებენ ამ დანაშაულებს. არ დაისვენებენ მანამ, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან. სასჯელს კი საერთაშორისო ტრიბუნალი, ღმერთი, უკრაინელი სამხედროები და ყველა ერთად მოუვლენს მათ.

„ცხრა წლის წინ მეზობელი იქცა აგრესორად. ერთი წლის წინ აგრესორი იქცა ჯალათად, მაროდიორად და ტერორისტად. ეჭვი არ გვეპარება, რომ პასუხს აგებენ. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ჩვენ გამარჯვება გველოდება“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა უკრაინელი ტყვეები და ლტოლვილები და პირობა დადო, რომ თითოეულ მათგანს დააბრუნებენ უკრაინაში.