ისევ დაგვჭირდება შეკრებები... მთავარი დაბრკოლება საქართველოს ხელისუფლებაა - ვაშაძე აქციაზე

პუბლიკა

„უნდა გვესმოდეს, რომ ერთი შეკრებით, ერთი აქციით გარდამტეხი ცვლილებები არ მიიღწევა, ამიტომ ისევ დაგვჭირდება შეკრებები. ერთიანი, კოორდინირებული მოქმედებები, რაც ყველაზე მთავარია”, – ამის შესახებ პარლამენტის წინ უკრაინის სოლიდარობის აქციაზე „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საბოლოო გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია, შევთანხმდეთ მთავარ ეროვნულ საკითხებზე – ტერიტორიული მთლიანობა, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება.

„ამ გზაზე კი მთავარი დაბრკოლება, სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებაა. რომლის ცვლილებაც ჩვენი, აქ შეკრებილი ადამიანების, და თქვენი, ვინც ახლა ტელეეკრანებიდან გვადევნებთ თვალს, პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა”, – განაცხადა მან.

აქციაზე მან ასევე აღნიშნა, დღევანდელ დღეს პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენებდნენ, რადგან დღეს არის უკრაინის სოლიდარობის დღე, მაგრამ ერთიანობის დემონსტრირებით მათ აქვთ მეტი ენერგია, „გაათავისუფლონ ქვეყანა”.

„ჩვენი მთავარი მიზანია, არ მივცეთ შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას” აგვაცდინოს ევროინტეგრაციის გზას, და მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს. სწორედ ამ საკითხისთვის მნიშვნელობანი იყო დღევანდელი შეკრება. მაგრამ ამის მისაღწევად ეს საკმარისი არაა. გვაქვს კონკრეტული ამოცანები:

  1. პირდაპირ დავიწყოთ საუბარი და მოლაპარაკებები დასავლეთთან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით.
  2. გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და დავუდგეთ გვერდით ყველა ადამიანს, ვისაც ჩაგრავს არსებული სისტემა.
  3. ვიმოქმედოთ გეგმაზომიერად, იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი , რაც ნიშნავს უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას ჩვენთვის.
  4. და მეოთხე, ყველა ეს ცვლილება განვახორციელოთ ერთად, სწორედ ისე, როგორც გავაკეთეთ დღევანდელი დღე”, – განაცხადა ვაშაძემ.