სრულად გავითვალისწინებთ ომბუდსმენის რეკომენდაციებს - სამედიცინო უნივერსიტეტი სახელმძღვანელოებში დისკრიმინაციულ ჩანაწერებზე

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განცხადებით, „ბიოეთიკისა“ და „სასამართლო მედიცინის“ სახელმძღვანელოებში არსებულ დისკრიმინაციულ  ჩანაწერებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სრულად გაითვალისწინებს.

„2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაწყების პერიოდისთვის სრულად იქნება გათვალისწინებული სახალხო დამცველის რეკომენდაციები და სტუდენტებს მიეწოდებათ განახლებული ინფორმაცია“, – აცხადებს უნივერსიტეტი.

სახალხო დამცველმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სახელმძღვანელოებში ჰომოფობიური და სტიგმის გამაძლიერებელი ჩანაწერების არსებობაზე რეკომენდაციით „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებების საფუძველზე მიმართა.

ორგანიზაციამ სახალხო დამცველის აპარატს სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებზე რეაგირებისთვის განცხადებით 2018 წლის 2 ნოემბერს და 2019 წლის 14 ივნისს მიმართა. განცხადებების თანახმად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელმძღვანელოებში „სასამართლო მედიცინა“ და „ბიოეთიკა“ გამოყენებული ტერმინები და გამოთქმული მოსაზრებები ამყარებს სტერეოტიპებს და წარმოადგენს დისკრიმინაციის წახალისების ფორმას ლგბტ+ ადამიანების მიმართ.