„აგენტებზე“ კანონმა შეიძლება უფლებადამცველი ადვოკატების მარგინალიზაცია გამოიწვიოს - ადვოკატთა ასოციაცია

პუბლიკა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განცხადებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა შესაძლოა, ზიანი მიაყენოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს.

ასოციაციის განცხადებით, კანონპროექტის შინაარსი, მისი ინიცირების დრო და განხილვის კონფრონტაციული ფონი შეიცავს რისკებს პოლარიზაციის გაღრმავების, სოციალური დაპირისპირებისა და დემოკრატიული პროცესების შესუსტების თვალსაზრისით.

„როდესაც ფართო საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსების ძირითად წყაროს საერთაშორისო დონორული მხარდაჭერა წარმოადგენს, კანონპროექტის მთავარ მიზნად გამჭვირვალობის გაძლიერების მითითება არასაკმარისად და არარელევანტურად მიგვაჩნია.

მნიშვნელოვანია ნათლად განიმარტოს რა საფრთხეებისა თუ რისკების პრევენციას ემსახურება აღნიშნული კანონპროექტის მიღების აუცილებლობა.

საქართველოსთვის არსებითია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, კანონის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, რაშიც ფასეული წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს“, – აცხადებს ასოციაცია.

ადვოკატთა ასოციაციის განცხადებით, მათი არაერთი წევრი არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობს. ისინი ჩართულები არიან სტრატეგიულ სამართალწარმოების პროცესში და იურიდიულ დახმარებას უწევენ მოწყვლად ჯგუფებს. „უცხოური გავლენის აგენტის“ ტერმინმა კი შეიძლება ადვოკატების დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი ხელყოს.

„კანონპროექტით განსაზღვრული ისეთი ტერმინის გამოყენებამ, როგორიცაა მაგალითად – „უცხოური გავლენის აგენტი,“ შესაძლოა ხელი შეუწყოს უფლებადამცველი ადვოკატების მარგინალიზაციას, რაც გამოიწვევს ადვოკატთა თანასწორობისა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობის კანონით დადგენილი პრინციპის ხელყოფას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის მიღების მიზანშეწონილობის განხილვისას აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და იხელმძღვანელოს ევროპის კავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის მოთხოვნათა შესაბამისად“, – აცხადებს ადვოკატთა ასოციაცია.


პარლამენტში დღეს რუსული კანონის ორი პროექტის განხილვა იწყება, რომელიც უმრავლესობაში შემავალმა ანტიდასავლურად განწყობილმა „ხალხის ძალამ“ შეიტანა საკანონმდებლო ორგანოში. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კანონპროექტის იდეა მოიწონეს და განაცხადეს, რომ პრინციპების დონეზე ორივე პროექტს დაუჭერენ მხარს.


„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა, იურისტმა ანა აბაშიძემ კი განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, კანონპროექტი ჯერ კანონად არ ქცეულა, ორგანიზაციის დისკრედიტაციისთვის სასამართლო პროცესზე გამოიყენეს „აგენტის“ სახელი.

კერძოდ, ერთ-ერთ საქმეში, რომელსაც ორგანიზაცია აწარმოებს, ადვოკატმა ზურა ჯანაშიამ, სასამართლოს ოფიციალურ კორესპონდენციაში, თავისი პოზიციის დასაცავ ერთ-ერთ არგუმენტად მიუთითა, რომ: „არასამთავრობოების დარიგებულია მოსარჩელე და თან იმ არასამთავრობოების, რომლებსაც ახლო მომავალში შესაძლებელია უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი მიენიჭოთ, მათი საქმიანობის ნამდვილი და დაფარული ბუნებიდან გამომდინარე“.

„პუბლიკა“ ადვოკატთა ასოციაციას დაუკავშირდა, რათა გაგვერკვია ასოციაციის პოზიცია ადვოკატ ზურა ჯანაშიასთან დაკავშირებით. ასოციაციაში განგვიმარტეს, რომ ადვოკატის ქცევაზე, რომელიც შესაძლოა გახდეს მის მიმართ დისციპლინარული წარმოების საფუძველი, „ადვოკატთა ასოციაცია“ წინასწარ კომენტარს არ აკეთებს.