საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. ბიუროს სხდომის ოთახს დაცვის თანამშრომლები იცავენ. ოთახთან მისვლის საშუალება არ მიეცათ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს. ასევე, პარლამენტის შენობაში გადაადგილება აქვთ შეზღუდული ჟურნალისტებსაც და დეპუტატების ნაწილს.
„ხედავთ, რა მდგომარეობაა, არ გვიშვებენ და პარლამენტის წევრებს გადადგილების შესაძლებლობა არ გვაქვს“, – უთხრა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს.
გიორგი ვაშაძესთან ერთად, ბიუროს ოთახთან არ მიუშვეს ანი წითლიძე, გიორგი ბოტკოველი, პაატა მანჯგალაძე და ლევან ბეჟაშვილი.
„ჩაკეტილია ყველა მისასვლელი, გადაძეძგილია ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებით სარდაფები, დერეფნები, ოთახები. ეშინიათ, ეს ნიშნავს, რომ ეშინიათ ქართველი ხალხის. პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც ეშინია, რომ ბიუროზე დაუშვას დეპუტატები, ეს არ არის პარლამენტის თავმჯდომარე“, – თქვა ანი წითლიძემ.
მისი თქმით, ბიუროზე დასწრება უნდოდათ დეპუტატებს და პარლამენტის თავმჯდომარისთვის უნდა ეთხოვათ დასწრების უფლება, თუმცა შალვა პაპუაშვილამდე მისვლის საშუალება არ მიეცათ.
დაცვის თანამშრომლები მედიასთან ამბობენ, რომ მათ აქვთ სია, ვინ უნდა გაატარონ და ვინ არა.