WHO-მ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაზე მონაცემები შეასწორა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაზე არასწორი ინფორმაცია იყო განთავსებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებგვერდზე ეწერა, რომ საქართველოში ინფიცირების 39 დადასტურებული შემთხვევა იყო.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აცნობეს შეცდომის შესახებ და მონაცემები ვებგვერდზე ჩასწორდა.

“ცენტრის ვებ გვერდზე განთავსებულია იყო ინფორმაცია 39 ახალი შესაძლო შემთხვევის შესახებ, რაც ჯანმო-ს პროგრამამ გადათარგმნა როგორც 39 ახალი შემთხვევა და თარგმანში დაიკარგა სიტყვა “შესაძლო”, აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჯანმოს ცენტრაულ ოფისს და ხარვეზი იქნა გამოსწორებული, ამის შესახებ ასევე ეცნობა ჯანმოს რეგიონულ დირექტორს.” – განაცხადეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

დღევანდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანია ინფიცირებული. კორონავირუსით ინფიცირებულთა და ასევე მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე.