რამდენიმეს ახალგაზრდას ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, სატანისტების ფორმები ეცვათ - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირის“ ეთერში 7-8 მარტს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„ჩვენმა პოლიციამ ძალიან მაგრად იმუშავა, სიმტკიცე გამოიჩინეს, მაღალი პროფესიონალიზმი და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სახე – ჰუმანურობა – კიდევ ერთხელ წარმოჩინდა.

ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ, რომ თითქოს პოლიციამ გადაამეტა. ეს არის სიცრუე, ეს არის სისულელე. ვინ დაიწყო ძალადობა, ძალადობა დაიწყო, რაც მე ჩამოგითვალეთ, „ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ეგრეთ წოდებულმა გირჩის მოძრაობამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და „ფრანკლინის კლუბის” ანარქისტებმა. მე რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს, მე არ მინდა მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს არის შემაშფოთებელი, რაც აქ ხდება უბრალოდ. ეს ორგანიზაცია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა” უკვე გადაქცეული არის რაღაც არა რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ცოტაღა უკლიათ, რომ გახდნენ ტერორისტული ორგანიზაცია”,- განაცხადა პრემიერმა „იმედის“ ეთერში.

თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევდა.

მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.

8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.

მმართველი პარტიის დაპირების მიუხედავად, კანონპროექტების გაწვევის შესახებ, 9 მარტს კვლავ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა პარლამენტთან. მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – დროულად ჩანიშნულიყო პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და მეორე – გაეთავისუფლებინათ აქციებზე დაკავებულები. პარლამენტის პლენარული სხდომა 10 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს.