NATO-მ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა

პუბლიკა

NATO-მ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა. 6 ერთეული სპეციალური კომპლექტაციით აღჭურვილი „ტოიოტა ლენდ კრუიზერი პრადო 150“ საქართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ((SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ ვინიკოვი, თავდაცვის ძალებისა და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ავტომობილებს, რომელიც სხვადასხვა ტიპის საგამოძიებო და კრიმინალური მოკვლევებისთვის საჭირო სპეციალური კომპლექტებითაა აღჭურვილი, თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიცია სამსახურებრივი საჭიროებებისას გამოიყენებს. სპეციალიზებული ავტომობილები კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამხედრო პოლიციის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობებს.

სატრანსპორტო საშუალებების შეძენა NATO-ს ნდობის ფონდის მიერ განხორციელდა და საერთო ღირებულება 542,520.00 ევროს შეადგენს. პროექტის კონტრიბუტორები არიან ლატვია და ავსტრალია.