სოციალურ ქსელებში ვრცელდება პეტიცია, სადაც ქართული რაგბის გულშემატკივრები ვეტერანი მორაგბის, ამჟამად პარლამენტის დეპუტატის და პრორუსული და ანტიდასავლური მარიონეტული მოძრაობის, „ხალხის ძალის” წევრის დავით კაჭარავას გადადგომას ითხოვენ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობიდან.
“რაგბი მხოლოდ მორაგბეების კი არა, გულშემატკივრების, მთელი ქვეყნისაა და ვეცდებით ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაში გატარებული იყოს მათი ინტერესები.“ – ეს დავით კაჭარავას სიტყვებია, რომელიც მან 2021 წლის შემოდგომაზე რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ არჩევისას წარმოთქვა. ამ დროს იგი უკვე იყო საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი.
მოგეხსენებათ, რომ 2023 წლის 7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ. მისი ინიციატორი არის ”ხალხის ძალა“, რომლის ერთ-ერთი წევრი და კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი არის მორაგბე, ცენტურიონი, დავით კაჭარავა. მან ხმა მისცა კანონპროექტს პირველ მოსმენაზე, ხოლო მეორე მოსმენაზე, რომელიც მასობრივი გამოსვლების, საზოგადოების დარბევისა და მოსახლეობასთან ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ სასწრაფოდ ჩაინიშნა, მას ხმა არ მიუცია კანონპროექტის საწინააღმდეგოდ.
ზემოთხსენებული კანონპროექტი მიზნად ისახავდა თავისუფალი აზრის ჩახშობას, ადამიანთა დასმენის, დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის შეზღუდვის დაკანონებას. ეს სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას იცავს.
”კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“
- ჩვენ, ქართული რაგბის გულშემატკივრებს, მიგვაჩნია, რომ თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნისთვის ჩვენთვის უმინიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რაგბის კავშირის გამგეობას ხელმძღვანელობს, არ უნდა იყოს შემჩნეული ანტისახელმწიფოებრივ და მეტიც, მოღალატეობრივ პოზიციაში.
- არ შეიძლება დავით კაჭარავა, როგორც რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, განსაზღვრავდეს ქართული რაგბის მომავალს და იღებდეს მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
- არ დაგვვიწყებია ის გულისწყვეტა, სირცხვილის, უხერხულობისა და იმედგაცრუების შეგრძნება, როცა რაგბიდან მისი წასვლით გულნატკენებმა სპორტსმენი მეორე დღესვე ”ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში ვნახეთ.
- რაგბი არის საქართველოს, მისი მოქალაქეების საკუთრება, ჩვენი საამაყო სპორტი. ის იმ ადამიანებს ეკუთვნის, რომლის უმეტესობაც უარს ამბობს რუსულ კანონზე და გეზი აქვს აღებული ევროპისკენ, ამიტომ ამ ეროვნული სპორტის ბედის განმსაზღვრელი ვერ იქნება ადამიანი, რომელიც როგორც პარლამენტარი, საპირისპიროს აკეთებს.
- საქართველოს რაგბის კავშირის გაცხადებული მიზანია ევროპულ და მსოფლიო ტურნირებში მონაწილეობის მიღება და გამარჯვება, რაც თავის თავში სრულიად გამორიცხავს ანტიევროპული ნაბიჯების გადადგმას.
- გულშემატკივრების სახელები და გვარები მორაგბეებს სათამაშო ფორმაზე აწერიათ და ეს არის ყველაზე დიდი კავშირი, რომელიც მოთამაშესა და გულშემატკივარს შორის შეიძლება არსებობდეს.
- ჩვენ, ჩვენი ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებებით და თითოეული მორაგბით ამაყები, ყველგან და ყოველთვის მორაგბეების გვერდით ვართ და პირნათლად ვასრულებთ მე-16 მოთამაშის როლს, რის გარეშეც მიუღწეველია ნებისმიერი მცირე გამარჯვებაც კი.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რაგბის კავშირი სახელმწიფო ინსტიტუციაა და გადასახადის გადამხდელთა ფინანსური მხარდაჭერით არსებობს, ჩვენ ვთვლით, რომ დავით კაჭარავამ არ შეასრულა თავისი სიტყვა, რის გამოც, მოვითხოვოთ, მან გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობა დაუყოვნებლივ დატოვოს.