საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის შეხვდა. ჯეიმს კლევერლი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჯეიმს კლევერლის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას უსვამს ხაზს.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და კიდევ უფრო განამტკიცებს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.
მანამდე ჯეიმს კლევერლი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ბრიტანეთი არის და დარჩება საქართველოს მტკიცე და ურყევ მეგობრად.
მან ასევე თქვა, რომ ძლიერი და ერთიანი NATO არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის ევროპასა და მის საზღვრებს გარეთაც.
„ამიტომაც 2023 წელს საქართველოსთვის სპეციალურად მორგებული პაკეტი შემუშავდა. 2023 წელს ბრიტანეთის საელჩო რუმინეთის საელჩოსთან ერთად იმოქმედებს, როგორც NATO-ს საკონტაქტო პირი საქართველოში. ჩვენი ორმხრივი დაცვის თანამშრომლობა სცდება მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობის ჩარჩოებს და მოიცავს ერთობლივ სამუშაოს კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით.
საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ. იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატია და გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მოგიწოდებთ, გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ და დავრჩებით საქართველოს მტკიცე და ურყევი მეგობარი. მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვიმყოფები. ველი იმას, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გამყარდება“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.