მართლწესრიგის ოფიცრები იყვნენ აღწერაზე, ასეთი რამ წინა წლებშიც ხდებოდა - თსუ

პუბლიკა

„მართლწესრიგის ოფიცრები იყვნენ მისულები, რაც წინა წლებშიც მომხდარა”, – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „სტუდენტურ საცხოვრებელში პოლიცია შევიდა“.

„პუბლიკასთან” საუბრისას თსუ-ის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი ამბობს, რომ მართლწესრიგის ოფიცრებმა ჩაატარეს აღწერა, რაც კანონითაა გათვალისწინებული და მსგავსი ვიზიტები წინა წელსაც ყოფილა. მისივე თქმით, მართლწესრიგის ოფიცრები იმყოფებოდნენ არა მხოლოდ საერთო საცხოვრებელში, არამედ ბაგების ტერიტორიაზე არსებულ სხვა საცხოვრებელ პუნქტებშიც.

„15-16 მარტს ვაკე-საბურთალოს მართლწესრიგის ოფიცრები იყვნენ მისულები არა მარტო ბაგების საერთო საცხოვრებელში, არამედ იმ ტერიტორიაზე არსებულ ყველა დასახლებულ პუნქტში, იქნებოდა ეს კორპუსი თუ სხვა.

სტუდენტურ საცხოვრებელში ისინი მხოლოდ სტუდენტებთან არ შესულან, იქ ცხოვრობენ ადმინისტრაციის თანამშრომლებიც და მათთაც იყვნენ.

ასეთი რამ წინა წლებშიც ხდებოდა – მართლწესრიგის ოფიცრები ატარებენ აღწერას და რომ გითხრათ, გაგვიკვირდა, არა, ვინაიდან წინა წლებშიც არსებობდა ასეთი გამოცდილება.

პრაქტიკაში არ მახსოვს, რომ წინასწარ გვქონოდა ინფორმაცია მათი ვიზიტის შესახებ.

შევიდნენ კორპუსში, ნახეს მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც ადგილზე იყვნენ. ვინც დახვდათ, მათ მონაცემები ჩაიწერეს, აღწერეს. ფაქტია, რომ ეს წინა წლებშიც ასე მომხდარა.

სახლში სადაც ვცხოვრობ, ჩემთანაც მოსულა მართლწესრიგის ოფიცერი, მათ აქვთ კანონით მინიჭებული ეს უფლებამოსილება, როგორც ასეთი, რაიმე საგამონაკლისო წესი საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დაკავშირებით კანონით არაა განსაზღვრული”, – ამბობს გრიგოლაშვილი.