საქართველო-რუსეთი ფრენების აღდგენისა და ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან - კალაშნიკოვი

პუბლიკა

რუსეთი და საქართველო პირდაპირი ფრენების აღდგენის, ასევე ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან – რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Tass-ის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.

„მე ვესაუბრე […] უმაღლესი დონის ბევრ ოფიციალურ პირს, მათ შორის იმ საკითხებზე, რომლებსაც ჩვენ შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხებია, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ – საჰაერო მიმოსვლა და სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთში. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებების ზღვარზე ვართ“, – განაცხადა დეპუტატმა ოთხშაბათს ეკონომიკურ ფორუმზე სახელწოდებით „რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“.

კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ მისთვის რთულია განსაზღვროს, როდის და რა თანმიმდევრობით მიიღებენ ამ გადაწყვეტილებებს.


რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის იანვარში გაკეთებული კომენტარის შემდეგ განახლდა. ლავროვმა მაშინ საქართველოს ხელისუფლება შეაქო, რომელმაც მისი მტკიცებით, გაუძლო დასავლეთის ზეწოლას, შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ფრენა მალე აღდგებოდა.

ლავროვის საპასუხოდ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას შეამსუბუქებს და ეს მისასალმებელია.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი ფრენის შესაძლო აღდგენა გააკრიტიკა.

რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმომსვლის აღდგენის შესახებ საუბრობდა Georgian Airways-ის ყოფილი დირექტორი და ამჟამად მოსკოვის და საქართველოს ბიზნესბროკერიჯის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია. გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას, მან განაცხადა, რომ გასული წლის 7 დეკემბერს რუსეთში შედგა შეხვედრა, სადაც რუსებს სთხოვეს, რომ „უბრალო ხალხს, ქართველებს ფრენების აღდგენა გვჭირდება“.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისიდანაა შეწყვეტილი. ეს ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თბილისში 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ გამოსცა.

19-20 ივნისს საქართველოში „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის“ სესია იმართებოდა. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი იყო. ის სესიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა.

ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა.

ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლისთვის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნის დათმობით გამოწვეული პროტესტი დღის ბოლოს პარლამენტთან მრავალრიცხოვან აქციაში გადაიზარდა.

საქართველოს კანონმდებლობის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად, შესაბამისი ორგანოების მხრიდან აქციის მონაწილეებისთვის გასაგები ფორმით არ გაკეთებულა გაფრთხილება აქციის შეწყვეტის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძალის გამოყენების შესახებ.

უფლებადამცველების შეფასებით, პრობლემური იყო გამოყენებული სპეციალური საშუალებები, ისევე როგორც მათი ინტენსივობა, ფორმა და მიზანი. რეზინის ტყვიებს იყენებდნენ სახეში და თავში დამიზნებით მცირე დისტანციიდან, რის შედეგადაც დემონსტრანტები დასახიჩრდნენ, რამდენიმე მათგანმა თვალიც დაკარგა.

დაზარალებულებს შორის იყვნენ მედიის წარმომადგენლებიც.

„გავრილოვის ღამეს“ სამასამდე ადამიანი დაშავდა, ასამდე კი დააკავეს.