საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ელჩებს შეხვდნენ. დეპუტატებმა საკუთარი მოსაზრებები საბერძნეთის, უნგრეთის, საფრანგეთის, ნორვეგიის, შვედეთის, ნიდერლანდებისა და ფინეთის ელჩებს გააცნეს.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო ნიკა გვარამიას პატიმრობას, გენდერული თანასწორობის საბჭოს როლს პარლამენტში და ვენეციის კომისიის მიერ გამოგზავნილ რეკომენდაციას, რომელიც, მისი თქმით, ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას და კორპორატივიზმის სერიოზულ გავლენას სასამართლოში.
„ჩვენი ევროპული გზა – პირველ რიგში, ეს იყო მთავარი განსახილველი თემა და 12 სასიცოცხლო რეკომენდაციის შესრულება, რომელზეც პოლიტიკური ნების გამოხატვაც კი არ აქვს განზრახული „ქართულ ოცნებას“. ელჩებს ვუთხარით, რომ მიუხედავად ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმებისა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და ეს დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფომ და საქართველოს მოქალაქეებმა“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დეპუტატები: თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, ანა ბუჩუკური და ქეთევან თურაზაშვილი.