მწერალ ბექა ქურხულის წიგნი „უკრაინული დღეები“ ლიტერატურულმა პრემიამ „საბამ“ კონკურსზე არ დაუშვა. როგორც ირკვევა, ბექა ქურხულმა წინა წლებში პრემია „საბა“ გალანძღა და კონკურსიდან მისი წიგნის მოხსნის მიზეზიც ეს გახდა. წიგნის გამომცემელი წერს, რომ პასუხისმგებლობის ტვირთი ორივე მხარეს აქვს – ავტორსაც, რომელმაც ჟიური და პრემიის დამფუძნებელი მიუღებელი ფორმით გალანძღა, და პრემიასაც – მისთვის ხურდის დაბრუნება რომ ასე გადაწყვიტა.
კონკურსის გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია თავდაპირველად თავად ბექა ქურხულმა გაავრცელა.
სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ „საბას“ საორგანიზაციო ჯგუფმა მისი წიგნის მიღებაზე უარი თქვა.
„ახლახან დამირეკეს გამომცემლობა „ინტელექტიდან“ და მითხრეს, ლიტერატურული პრემია „საბას“ საორგანიზაციო კომიტეტიდან თუ რავი რა ჰქვიათ, დიდი არზა მივიღეთ, სადაც გვამცნობენ, რომ ბექა ქურხულის „უკრაინულ დღეებს“ კონკურსზე ვერ მივიღებთ, რადგან, ბექა ქურხული ცუდი ბიჭია, წარსული 90-იანი წლების გადმონაშთი, როცა რამე არ მოსწონს ან უსამართლოდ მიაჩნია, იგინება, ირტყმევინება და ჩხუბობსო“, – წერს ბექა ქურხული.
მისი თქმით, „საბას“ კონკურსთან ეს კონფლიქტი ახლა არ დაწყებულა და წყენა წლების წინ, 2018 წლიდან იღებს სათავეს.
ის წერს, რომ მისთვის პატივი იყო, ამ წლების განმავლობაში ყოფილიყო პრემია „საბას“ 4 გზის ნომინანტი და ლაურეატიც, თუმცა ამ ეტაპზე „ყველაზე ნაკლებად ლიტერატურული პრემიები აინტერესებს“.
ბექა ქურხულს სოლიდარობა გამოუცხადეს და კონკურსიდან თავისი წიგნები მოხსნეს მწერალებმა, არჩილ ქიქოძემ და რეზო თაბუკაშვილმა.
„ბექა ქურხული მოუხსნიათ პრემია საბადან, ჰოდა, მოკლედ და დიდი წიაღსვლების გარეშე ვიტყვი, რომ ბექა თუ არ იქნება, ჩემთვისაც უინტერესოა ისეთ კონკურსში მონაწილეობა, სადაც ასეთი ძლიერი კონკურენტი არ მეყოლება (მეგობრობას რომ თავი დავანებოთ). არც ვიცი, როგორ ხდება პროცედურა, რადგან გამომცემლობა წარადგენს წიგნს და არა ავტორი, მაგრამ მივმართავ სულაკაურების გამომცემლობას, რომ მოხსნას კონკურსიდან ჩემი „მექსიკური დღიური“. სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing პ.ს. საბას ვერ ვთაგავ“, – წერს ქიქოძე.
„ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ – ბექა ქურხულის წიგნი, მის მიერ ოდესღაც ვიღაცის მიმართ „ცუდად წარმოთქმული სიტყვებისთვის“ მოიხსნა ამ კონკურსიდან? და ეს ჩრდილავს მწერლის ნაშრომს? … მინდა „საბამ“ დიდხანს და ძლიერად იაროს მრავალი წელი… ჩემი, წელს წარსადგენი წიგნით, „კარტი თამაშის ბოლომდე არ იყრება“, მეც ჩავეხსნები ამ კონკურსს…“, – წერს თაბუკაშვილი.
რატომ არ დაუშვეს წიგნი კონკურსზე და როგორ განმარტავს გადაწყვეტილებას ლიტერატურული პრემიის საორგანიზაციო ჯგუფი?
„პუბლიკა“ „საბას“ საორგანიზაციო ჯგუფს დაუკავშირდა. კონკურსის წარმომდგენელმა გამომცემლობა „ინტელექტთან“ გადაგვამისამართა.
მათი განმარტებით, წიგნის კონკურსიდან მოხსნის გადაწყვეტილებაზე წერილი გამომცემლობას გაუგზავნეს, სადაც ახსნილია კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილების მიზეზები.
გამომცემლობა „ინტელექტის“ წარმომადგენელმა, ზვიად კვარაცხელიამ კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებაზე პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ის წერს, რომ ამ შემთხვევაზე პასუხისმგებლობის ტვირთი ორივე მხარეს აქვს, თუმცა „საბა“ ქურხულამდეც გაულანძღავთ და შემდეგ პრემიაც მიუღიათ იმ ავტორებს“.
ის წერს, რომ ერთადერთი გამოსავალი კომპრომისული გადაწყვეტილება იქნება და მწერალს და პრემიის საორგანიზაციო ჯგუფს შერიგებას სთავაზობს. ზვიად კვარაცხელიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ბექა ქურხულის და თეონა დოლენჯაშვილის ორი წიგნი რომ მიყოლებით დაიჩაგრა „საბაზე“, ამის შესახებ შარშანწინ დავწერე. ჩვენს სხვა ავტორებზეც ბევრჯერ დამიწერია – ამ თემაზე საჯაროდ თქმას არც სხვა დროს მოვერიდები.
ამ ბოლო შემთხვევაში პასუხისმგებლობის ტვირთი ორივე მხარეს აქვს – ავტორსაც, რომელმაც ჟიური და პრემიის დამფუძნებელი მიუღებელი ფორმით გალანძღა, და პრემიასაც – მისთვის ხურდის დაბრუნება ასე რომ გადაწყვიტა.
პინოჩეტთან ვახშმის გამო ბორხესი ნობელის პრემიამ აითვალწუნა, შემდეგ კი ფიდელ კასტროს ძმაკაც მარკესს ფიანდაზად გაეგო.
„საბა“ ქურხულამდეც გაულანძღავთ და შემდეგ პრემიაც მიუღიათ იმ ავტორებს – ნუ ჩამომათვლევინებთ, უჩემოდ იცით, ვისაც.
პასუხისმგებლობის ტვირთი ჩვენც გვაქვს – გამომცემლობას, და მეც, „საბას“ ერთ-ერთ გამარჯვებულს, ამჯერად კი „ინტელექტის“ წარმომადგენელს, ვისთვისაც საამაყოა თანამედროვე მწერლობის გამოცემა და პოპულარიზაცია, ახალი ავტორების აღმოჩენა, მათზე ზრუნვა. უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტიც: ყველა ასეთ შემთხვევას საწულუკიანოს მესვეურები სხვა ინტერპრეტაციას მისცემენ თავიანთი – გათიშე და იბატონეს – პოლიტიკისთვის ახალი მასშტაბების მისაცემად. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი კომპრომისული გადაწყვეტილება მგონია. ვფიქრობ, ეს წაადგება იმ დიდ საქმეს, რასაც თანამედროვე მწერლობა, გამომცემლობები და ლიტერატურული პრემია „საბა“ ერთად, ნაყოფიერი თანამშრომლობის პირობებში აკეთებენ.
„საბა“ დამოუკიდებელი პრემიაა, თავისუფალი ლიტერატურული პროცესის ყველაზე დიდი მხარდამჭერი ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ეს განსხვავებული და ხშირად მიუღებელი აზრების გათვალისწინებასაც გულისხმობს. ბექა ქურხულთან ათი წელია ვთანამშრომლობ და ვმეგობრობ. ამიტომ ვიცი, რომ მას წყენაზე მაღლა დადგომა შეუძლია და პასუხისმგებლობის აღებაც, ადამიანური ურთიერთობების ფაქტორის გათვალისწინება.
თუკი ორივე მხარის სურვილი დაემთხვევა, სიამოვნებით ვიქნებოდი ამ კონფლიქტში შერიგების ინიციატორი, ხელშემწყობიც, რადგან დაძაბულობის განმუხტვა პრემიის ღირსეულ მხარესაც წაადგება და ავტორის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნის წარმოჩენას პრემიის ლონგლისტში. დანარჩენი კი ჟიურიმ გადაწყვიტოს“, – წერს ზვიად კვარაცხელია.