მოვუწოდებ ყველას, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე - კობახიძე

პუბლიკა

„რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, მოვუწოდებ ყველას, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე, ეს არის სუფთა პოლიტიკური მიზნებით და მოტივებით ნაკარნახევი შეტევა, აქედან გამომდინარე, ვერ ვიქნები, რა თქმა უნდა, ამ კამპანიის მხარდამჭერი”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად გმობს თუ არა შალვა რამიშვილის საქციელს.

„პოს ტვ“ გადავიდა მესამე ადგილზე. გაასწრო მთავარ არხს, ყველა ოპოზიციურ არხს და ეს არ მოსწონს, რა თქმა უნდა, ოპოზიციას და აქედან გამომდინარე, დაიგეგმა კონკრეტული კამპანია შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც არის „პოს ტვ-ის“ სახე, ეს არის პოლიტიკური მოტივით“, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს ძალადობის მსხვერპლ ქალებს, კობახიძე პასუხობს, რომ:

„რაც შეეხება, ზოგადად, ამ მხრივ, მოვლენის შეფასებას, სადაც არის ქალთა მიმართ ძალადობა ამას მე, რა თქმა უნდა, დავგმობ. რა თქმა უნდა, მე დეტალები ყველაფრის არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს არის ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა, რომლიც დაიგეგმა კეზერაშვლის მიერ. კეზერაშვილმა თავის დანაშაულებს მიხედოს და თავის ტელევიზიას მიხედოს, თავის ტელევიზიაში ათავისუფლოს ხალხი.“

25 მარტს გადაცემა „შაბათის ფორმულამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, არხის ცნობით, ასახავს სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მხრიდან ანანია გაჩეჩილაძის სექსუალურ შევიწროებას.

პროპაგანდისტული არხის POSTV-ის ერთ-ერთ მფლობელსა და წამყვანს, შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ოთხი ქალი ამხელს. ქალებმა თავიანთი ისტორიები სოციალურ ქსელში გააზიარეს.

შალვა რამიშვილს 2018 წელს სექსუალურ შევიწროების საქმეზე თათია სამხარაძემ საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო, რაც შემდგომმა ინსტანციამაც ძალაში დატოვა. შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.