სახალხო დამცველის მოადგილეები თანამდებობებს ტოვებენ

პუბლიკა

სახალხო დამცველის მოადგილეები გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე თანამდებობებს ტოვებენ. თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ მათ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ისაუბრეს.

გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ ის 31 მარტიდან აღარ იქნება ომბუდსმენის მოადგილე და მან ამის შესახებ ლევან იოსელიანი არჩევის დღიდან ჩააყენა საქმის კურსში.

„მეგობრებო ხვალ ჩემი ბოლო დღე იქნება სახალხო დამცველის აპარატში. არ ჩამოვთვლი უამრავ ფაქტორს, რატომაც მე ამ ეტაპზე აპარატში საქმიანობას ვერ გავაგრძელებდი. ამ კვირაში დავწერე გადადგომის შესახებ განცხადება და 31 მარტის 12 საათიდან ოფიციალურად აღარ ვიქნები საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე.

ლევანს არჩევის დღესვე ვუთხარი, რომ მარტის ბოლომდე შემეძლო მხოლოდ დარჩენა აპარატში, რადგან დასასრულებელი იყო საპარლამენტო ანგარიში და სხვა მიმდინარე საქმეები. დავწერეთ მე და კოლეგებმა დიდი და მსუყე ანგარიში და შემდეგ კვირას იხილავთ ყველა“, – წერს ბურჯანაძე.

ამავე პოსტში მან შეაჯამა აპარატში მისი საქმიანობა და მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს.

„62 თვის მანძილზე ნინო ლომჯარიასთან და სახალხო დამცველის აპარატის უამრავ გადასარევ კოლეგასთან ერთად ვიყავი საჯარო სამსახურში და მიუხედავად სახელმწიფო პროპაგანდისა და გამუდმებული თავდასმხებისა, გვქონდა ერთი ამოცანა – ყველა გაჭირვებული და უფლებდარღვეული ადამიანის პრობლემის გამოვლენა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის რეკომენდაციით მიმართვა რომ ეს გამოესწორებინათ. ყოველთვის ვიამაყებ – რაც კი სახალხო დამცველს აქვს ან თეორიულად შეიძლება ჰქონდეს, ყველა შესაძლო სამართლებრივი მექანიზმი გამოვიყენეთ ამ ხუთ წელიწადში. ვიყავით მუდამ იქ სადაც პრობლემა იყო და არასდროს შეგვშინებია ვინმესი ან რამესი. დღეს, როცა საჯარო სამსახურს ვასრულებ, ვარ ამაყი. 2018 წელს დავისახე მიზნად რომ ბავშვური გულწრფელობით მეკეთებინა ყველაფერი ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმის ფარგლებში და რაღაც დოზით ვფიქრობ გამომივიდა“, – წერს ის.

ბურჯანაძის თქმით, სად გააგრძელებს მუშაობას, ამას მოგვიანებით გაასაჯაროებს.

„ღმერთია მოწამე, მინდოდა საჯარო სამსახურის გაგრძელება და ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, მაგრამ რუსული კანონის ავტორებმა არააო. რაღაც პერიოდი “დიდი ავიაციიდან” მივდივარ და ჩემი სამომავლო საქმიანობის ფარგლებში (ამაზე ცოტა მოგვიანებით დავწერ) ნაკლები საჯაროობა მექნება, მაგრამ თემატიკა და მიზანი კვლავ მსგავსი და დიადი იქნება“, – წერს ის.

წასვლის გადაწყვეტილების მიზეზზე არ საუბრობს არც ეკატერინე სხილაძე, რომელიც ომბუდსმენის აპარატში 9 წელზე მეტხანს მუშაობდა. ის აღნიშნავს, რომ რჩება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

„მოვდივარ და ყოველთვის ჩემთან იქნება სიამაყის განცდა, იმ ცვლილებების გამო, რასაც კოლეგებთან ერთად მივაღწიეთ. არ დავწერ, როგორი რთული დრო გავიარეთ, რამდენი უძილო ღამე, დარდი და ბრძოლა, თუმცა, ერთი წუთითაც არ ვნანობ განვლილ გზას და მიღებულ გადაწყვეტილებებს. პირიქით, კიდევ ერთხელ გავივლიდი იმ შეგრძნებებისთვის, რაც თან მიმაქვს“, – წერს ის და მადლობას უხდის აპარატის თანამშრომლებს.

ლევან იოსელიანი საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად 7 მარტს აირჩია. ჯერჯერობით უცნობია მისი პოზიცია მოადგილეების წასვლაზე და ასევე ის, ვის წარადგენს ის ახალ მოადგილეებად.