პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტში მიიღო მონაწილეობა.
სამიტზე „ბუჩა – რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე“ პრეზიდენტი ვიდეომიმართვით გამოვიდა და სამიტის მონაწილეებს – უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ- მინისტრებს მიმართა.
პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო შოკში ჩააგდო ბუჩაში გადაღებულმა ფოტო და ვიდეომასალამ, რომელიც უკრაინელი სამოქალაქო პირების მიმართ რუსი აგრესორების მიერ განხორციელებულ სისასტიკეს ასახავდა. მისი თქმით, ამ კადრებმა შეახსენა მსოფლიოს, როგორი დანაშაულების ჩადენა შეუძლია უკონტროლო სამხედრო ძალას დაუსჯელობისა და საერთაშორისო წესრიგის შეგრძნების გარეშე.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთს სწორედ დაუსჯელობის განცდამ მისცა უკრაინაში ინტერვენციისკენ ბიძგი და მხოლოდ ისეთი სამყარო შეიძლება იყოს მშვიდობიანი, რომელშიც რუსეთი უარს იტყვის თავის იმპერიალისტურ მისწრაფებებზე.
„საერთაშორისო საზოგადოების პასუხი და მათ მიერ რუსეთის რეჟიმის რეალური არსის გაგება უფრო მტკიცე რომ ყოფილიყო, ყირიმში აგრესიის გამეორება და პირდაპირი ანექსიით საერთაშორისო პრინციპების პირდაპირი დარღვევა შესაძლოა თავიდან აცილებული ყოფილიყო.
მაშინ, 2022 წლის 24 თებერვალი შესაძლოა, ერთი, ჩვეულებრივი დღე ყოფილიყო მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქეებისათვის. შესაძლოა, ბუჩა არ მომხდარიყო.
თუმცა, რეალობა სხვაა – დაუსჯელობამ, რომლითაც რუსეთი სარგებლობდა, შესაძლებლობა მისცა მას, სამხედრო საშუალებების გამოყენება, თავისი მეზობლების წინააღმდეგ საერთო ტაქტიკად დაემკვიდრებინა.
რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას, რაც ყოველდღიურად ჰუმანიტარულ პრობლემებს ქმნის. სწორედ ამიტომ, ყველა ქართველს ესმის უკრაინელების მიერ განცდილი ტკივილი და ტანჯვა და ურყევ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას.
პატივცემულო საზოგადოება, დღეს ეჭვები და ყოყმანი გაქრა, საერთაშორისო საზოგადოებას ესმის, რომ დემოკრატია და თავისუფლება საფრთხის წინაშეა და არჩევანი ცივილიზაციაზეა: დიქტატორულ და საშიშ რუსეთის მმართველობასა (რომელიც კერძო დაქირავებულ პირებს მიმართავს თავისი აგრესიული ომის საწარმოებლად) და ჩვენს საერთო ძალისხმევას შორის თავისუფალი, მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის ასაშენებლად.
ჩვენი ერთობა, ახლა და ყოველდღიურად, აგრესიის, სისასტიკის, უსამართლობის, ადამიანური ცხოვრებისა და საერთაშორისო პრინციპების აშკარა უგულებელყოფის წინააღმდეგ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.
პრეზიდენტო ზელენსკი, მადლობას გიხდით გლობალური სამშვიდობო სამიტისათვის, რადგან ჩვენი ჭეშმარიტი, საბოლოო მიზნის მისაღწევად ერთადერთი გზა ჩვენი ტერიტორიების, სუვერენიტეტისა და თავისუფლების პატივისცემაა.
მხოლოდ ისეთი სამყარო შეიძლება იყოს მშვიდობის სამყარო, რომელშიც რუსეთი უარს იტყვის თავის იმპერიალისტურ მისწრაფებებზე და დათანხმდება ისეთ სახელმწიფოდ გადაქცევას, რომელსაც სხვების მსგავსად აქვს და აღიარებს საკუთარ და მეზობლების საზღვრებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართველი ხალხის მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს!“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.