ომბუდსმენი პარლამენტის მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხს ეხმაურება 

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, ეხმაურება საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ სხვადასხვა დროს კრიტიკული მედიის  ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხს.

„როგორც მედიის წარმომადგენლები მიუთითებენ, აკრედიტაციის შეჩერება დისკრიმინაციული საფუძვლით, მათ მიერ მმართველი პარტიისთვის მიუღებელი პოზიციის დაფიქსირებით თუ კითხვების დასმით არის გამოწვეული.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ – პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი“, რომელიც ამგვარ პრაქტიკას უდევს საფუძვლად, პრობლემურია. ამასთან, აღნიშნულ წესში არ არის გაწერილი მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხი, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილებაში კი, არ არის მითითებული მისი გასაჩივრების ვადა და პროცედურა, რაც კანონმდებლობის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს.

საგულისხმოა, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები ხელს უშლის ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სადავო წესში ცვლილება შეიტანოს იმგვარად, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენლის საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას. ჟურნალისტების მიმართ გატარებული ნებისმიერი კანონიერი ღონისძიება კი ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპს.

სახალხო დამცველი, როგორც მედიის წარმომადგენელთა მიერ მომართვის, ასევე საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, უკვე სწავლობს აღნიშნულ ფაქტებს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტის აპარატმა „TV პირველის“ გადამღები ჯგუფის წევრებს, ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძესა და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, ასევე „მთავარი არხის“ ჟურნალისტ თათია წოწონავასა და ოპერატორ ზურაბ ჩხვირკიას საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერა.

გადაწყვეტილების დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ მათ დაარღვიეს პარლამენტში ჟურნალისტთა ქცევის ახალი წესებიდან ერთ-ერთი, კერძოდ, პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუზე უარის მიუხედავად, არ შეწყვიტეს ინტერვიუს ჩაწერა.

როგორც ტელეკომპანიები იუწყებიან, საუბარია უმრავლესობის დეპუტატ ელისო ბოლქვაძესთან ჩაწერილ ინტერვიუზე.

გუშინ, 6 აპრილს ასევე ცნობილი გახდა, რომ იმავე მიზეზით აკრედიტაცია შეუჩერეს „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტსა და ოპერატორს.

1 აპრილს გასული სიუჟეტი პროპაგანდისტული ტელევიზიის, POST TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის მხარდამჭერ განცხადებებს ეხებოდა. ჟურნალისტი ცდილობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატებისგან მოესმინა, რატომ უცხადებდნენ ისინი სოლიდარობას შალვა რამიშვილს და არა იმ ქალებს, რომლებმაც რამიშვილი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს.

პარლამენტის აპარატმა 5 მარტს „პუბლიკის“ ჟურნალისტ ნათია ამირანაშვილსაც შეუჩერა აკრედიტაცია. მისთვის  აკრედიტაციის გაუქმება 2 მარტს პარლამენტში გამართულ აქციაში მონაწილეობას უკავშირდება.