„ვაკის პარკში“ მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული. მეორე მსოფლიო ომთან ერთად, ყველა ჩვენი მებრძოლი და ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, იყოს გაერთიანებული“ , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 9 აპრილთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„მინდა გაგიზიაროთ, ერთი ჩემი არა ახალი ინიციატივა, რომელიც ჯერ განხორციელებული არ არის, მაგრამ იმედს არასდროს ვკარგავ. ამის შესახებ უკვე რამდენიმე წელია მივწერე, თბილისის მერს და სხვებს, რომ „ვაკის პარკში“ მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული. მეორე მსოფლიო ომთან ერთად, ყველა ჩვენი მებრძოლი და ყველა ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, იყოს გაერთიანებული. ჩვენ თუ გვიჭირს გაერთიანება ცოცხლად, შეიძლება მემორიალში გაერთიანებული ვიყოთ და ეს იქნება ძალიან დიდი ნიშანი. სხვათა შორის, უფრო ღირსეული, როცა უცხოელ სტუმრებს მივიყვანთ და ავუხსნით, რა არის საქართველოს ისტორია, ან ჩვენ მოწაფეებს რომ მივიყვანთ და გავაგებინებთ, რა იყო ეს ღირსეული ფურცლები ჩვენი ისტორიის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი შესრულდა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის აირით მოიწამლა.
ტრაგიკული მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.