მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზენაესი სასამართლოს შენობაში მოსამართლეებს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მან და უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ საერთო პრესკონფერენცია გამართეს.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის ამაყობს ქართული სასამართლოთი და ყველა მოსამართლით, რადგან ისინი არიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები.

„მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით, ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, იცავენ ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ პოლიტიკას. ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ნინო ქადაგიძეს, ყველა მოსამართლეს თქვენი საქმიანობისთვის.

ჩვენ, როგორც მთავრობა და მე, როგორც პრემიერ-მინისტრი ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერო თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი თავისუფლება. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ თქვენს ინიციატივებს, ახალ პროგრამებს. დღეს სასამართლო რომ გვაქვს თავისუფალი კორუფციისგან, ყოველგვარი ჩარევისგან, ზეწოლისგან, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის, ნინო ქადაგიძისა და მოსამართლეების დამსახურება“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს სასამართლო გახდა დამოუკიდებელი და როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების ჩარევებისგან თავისუფალი. მისი თქმით, დაუშვებელია სუვერენული სახელმწიფოს სასამართლოში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო მართული იყო მიხეილ სააკაშვილს და ზურაბ ადეიშვილის მიერ, 2012 წლიდან კი ეს პრაქტიკა დასრულდა.

„რეფორმის 4 ტალღის შედეგია ის, რომ დღეს სასამართლო არის აბსოლუტურად ერთ-ერთი სამაგალითო ევროკავშირში, მე ასე ვიტყოდი“, – აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრი მოსამართლეებს მას შემდეგ შეხვდა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 მოსამართლე დაასანქცირა. იუსტიციის საბჭოს წევრმა მოსამართლეებმა მიმართეს მას, დაენიშნათ შეხვედრა, რომელზეც მოსამართლეები პრემიერს ინფორმაციას მიაწვდიდნენ, თუ როგორ ცდილობს აშშ-ის საელჩო სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვებას.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილს და სხვა მოსამართლეებს შეხვდა და ეს ინფორმაცია მიიღო, თუმცა მასზე საუბარი არ ისურვა.

„ეს იყო დახურული შეხვედრა. ჩვენი საუბრის შინაარსს ვერ გაგიზიარებთ. მოვისმინე ბევრი ინფორმაცია, მათ შორის, შემაშფოთებელი, მე ვიტყოდი. იყო გარკვეული ზეწოლების, ჩარევების შესახებ, რაც არის მიუღებელი. ასევე მოვისმინე ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა, ახალი იდეები, რომელიც არის საბჭოში და ამაზე გვქონდა საუბარი.

მე გიდასტურებთ, რომ მივიღე [ზეწოლაზე] ინფორმაციები, მოვისმინე ბატონი დიმიტრისგან [გვრიტიშვილი], სხვა მოსამართლეებისგან. მე ამ ფაქტებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. ალბათ, მოვა დრო და საზოგადოება გაიგებს“, – განაცხადა პრემიერმა.