„მოსახლეობის ნახევარი საქართველოს უსაფრთხოებისთვის ყველაზე მაღალ რისკად სიღარიბეს ასახელებს" | კვლევა

პუბლიკა

მოსახლეობის 50% ამბობს, რომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის ყველაზე მაღალ რისკს სიღარიბე წარმოადგენს, – ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” და CRRC-იმ წარადგინეს.

კვლევაში – „პირადი და სახელმწიფო უსაფრთხოება; საზოგადოების დამოკიდებულება და აღქმები”, აღნიშნულია, რომ რუსეთიდან მომდინარე სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა მეორე ყველაზე ხშირად დასახელებული პასუხი იყო. ის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მაღალ რისკად მოსახლეობის 48%-მა ჩათვალა უსაფრთხოების ყველაზე მაღალ რისკად.

საინტერესოა, რომ მოსახლეობის მეათედმა უსაფრთხოებისთვის ყველაზე მაღალ რისკად დეზინფორმაცია დაასახელა. ეს პასუხი უფრო მეტმა აირჩია, ვიდრე ადამიანების გატაცება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებიდან (9%) ან ტერორიზმი (6%);

სიღარიბე

სიღარიბის, როგორც უსაფრთხოების ყველაზე მაღალი რისკის დასახელების ალბათობას გარკვეულწილად პროგნოზირებს რესპონდენტის ასაკი, რელიგიურობა და პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა. 18-34 წლის ახალგაზრდები უფრო ხშირად (58%) ასახელებენ სიღარიბეს, როგორც უსაფრთხოებისთვის მთავარ რისკ ფაქტორს, ვიდრე 55 წლის და უფროსი ადამიანები (46%). საინტერესოა, რომ ადამიანები, რომლებმაც არ იციან ან არ ასახელებენ მათთვის ყველაზე სანდო პოლიტიკურ პარტიას, უფრო ხშირად (62%) მიუთითებენ სიღარიბეზე, როგორც მთავარ რისკ ფაქტორზე, ვიდრე ოპოზიციური (52%) ან არცერთი (51%) პარტიის მხარდამჭერები. ყველაზე ნაკლებად სიღარიბეს, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მთავარ რისკს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ასახელებენ (40%).

რუსეთის სამხედრო აგრესია

რუსეთის სამხედრო აგრესიის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მთავარ რისკად დასახელების ალბათობას გარკვეულწილად პროგნოზირებს რესპონდენტის რელიგიური მიკუთვნებულობა და პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა. კერძოდ, მართლმადიდებლები (54%), სხვა ქრისტიანულ ჯგუფებზე (16%) და ისლამის მიმდევრებზე (32%) უფრო ხშირად ასახელებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას უსაფრთხოებისთვის მთავარ რისკ ფაქტორად.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობას, რუსეთის სამხედრო აგრესიას ქვეყნის მთავარ რისკ ფაქტორად ყველაზე ხშირად ასახელებენ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები (56%) და ისინი, ვინც არცერთ პარტიას ენდობიან (55%), შედარებით იშვიათად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები (51%) და ყველაზე იშვიათად ის ადამიანები, რომლებმაც არ იციან ან თავი შეიკავეს მათთვის სანდო პარტიის დასახელებისაგან (36%).


პროექტის „ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევების, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის გზით“ ფარგლებში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პარტნიორებთან „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ და CRRC-საქართველოსთან ერთად ახორციელებს, CRRC-საქართველომ ჩაატარა მოსახლეობის გამოკითხვა პირადი და სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ. გამოკითხვა 2022 წლის 27 მაისიდან 3 ივლისამდე პერიოდს მოიცავდა და მის ფარგლებში 2 544 ინტერვიუ ჩატარდა. ცდომილების საშუალო მაჩვენებელი ქვეყნის დონეზე 2.1%-ს შეადგენს.