იოსელიანი: მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით კომენტარის კეთება ცდება ჩემი მანდატის ფარგლებს

პუბლიკა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების სანქცირებაზე კომენტარი მისი მანდატის ფარგლებს სცდება.

იოსელიანი საუბრობს რეფორმებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა გატარდეს სასამართლო სისტემის გასანჯაღებისთვის.

„მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით კომენტარის კეთება ცდება ჩემი მანდატის ფარგლებს.  შემიძლია, ვისაუბრო რეკომენდაციებზე, პრობლემებზე, რაც სასამართლოსთან დაკავშირებით წლების განმავლობაში სახალხო დამცველს და მეც, როგორც თავის დროზე პარლამენტის წევრს, გაგვაჩნდა.

ეს დაკავშირებული იყო, მათ შორის, იუსტიციის საბჭოს ფორმირებასთან, იუსტიციის სკოლის გამიჯვნასთან, გამჭვირვალობის პროცესის შემოღებასთან. ეს არის რეკომენდაციების ძირითადი ჩამონათვალი, რაზეც, მათ შორის, პარლამენტში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ყოველთვის აკეთებდა აქცენტირებას და ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას.

რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, დასანქცირებული მოსამართლეებით პროცესი კიდევ უფრო გართულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, სასამართლოში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა სრულყოფილად შესრულდეს რეკომენდაცია, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით არის გაცემული და ამ რეკომენდაციის შესრულება კითხვის ნიშნებს არ ტოვებდეს“, – განაცხადა იოსელიანმა.

შეკითხვაზე, სახალხო დამცველს უჩენს თუ არა კითხვის ნიშნებს სანქცირებული მოსამართლეების გამოტანილი გადაწყვეტილებების სამართლიანობა, იოსელიანი ამბობს:

„სახალხო დამცველი სწავლობს, მათ შორის, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიმართებას სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილში და ამ მიმართულებით სახალხო დამცველს თავის დროზე მთელი რიგი რეკომენდაციები აქვს გაცემული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.


5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.