იურიდიულმა კომიტეტმა უმრავლესობის მიერ ინიციირებულ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს II მოსმენით დაუჭირა მხარი.
კანონპროექტი II მოსმენით განხილვაზე ხელახლა მას შემდეგ დადგა, რაც ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა კანონპროექტი შეაფასეს, ავტორებმა კი ამის შემდეგ მასში ცვლილებები შეიტანეს.
კანონპროექტის წარმდგენმა, ანრი ოხანაშვილმა მუხლობრივად განმარტა, რა ცვლილებები შევიდა თავდაპრველ დოკუმენტში:
„ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, რამდენიმე რეკომენდაცია იქნა გაცემული.
პირველი უკავშირდებოდა პირის ოლიგარქად ცნობას – ვენეციის კომისიამ თქვა, რომ პირის ოლიგარქად მიჩნევის პროცესი არ უნდა იყოს პოლიტიზებული. ჩვენ ეს რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და გთავაზობთ, რომ პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება გადაეცეს ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც 12 პუნქტის ფარგლებში შეიქმნა. ეს იქნება დაცლილი პოლიტიკისგან. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება, სრული მოკვლევა ჩაატაროს. კვაზისასამართლო უნდა ჩაატაროს იმისთვის, რომ გაარკვიოს, პირი არის თუ არა ოლიგარქი და დაასაბუთოს ეს.
შემოგვაქვს მექანიზმი, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება დაექვემდებარება სასამართლო კონტროლს. ანუ გასაჩივრდება. გასაჩივრება გათვალისწინებულია ორი ინსტანციით. თუკი პირი ცნობილია ოლიგარქად და ის ასაჩივრებს ამას, გადაწყვეტილება არ შევა ძალაში მანამ, სანამ არ დასრულდება სამართალწარმოება“, – განმარტა მან.
ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება ოლიგარქთა რეესტრის შექმნა, წარმოება და ვებგვერდზე გამოქვეყნება.
ოხანაშვილის თქმით, სტიგმატიზების თავიდან ასაცილებლად რეესტრში მიეთითება, რომ „პირის ოლიგარქად ცნობა და რეესტრში შეყვანა თავისთავად არ მოწმობს, რომ ეს პირი დამნაშავეა, ან სხვა სახის სამართალდამრღვევია“.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, მიხეილ დაუშვილმა და ხატია დეკანოიძემ, ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ანტიკორუფციული ბიურო და სასამართლო მთავრობისგან დამოუკიდებელი არ არის.
ოხანაშვილის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებულია პარლამენტის და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, რაც მის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის საშუალებას ქმნის, მათ შორის, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვისაც, ასევე ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატი შეირჩევა კონკურსის შედეგად და შემდეგ წარედგინება პრემიერს. მისივე თქმით, პრემიერს არ აქვს ხელმძღვანელის გათავისუფლების ბერკეტი.
პროექტში დაზუსტდა და განიმარტა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული პუნქტებიც.
„პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს პირი, თუ ის არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი ან პოლიტიკური თანამდებობის პირი. პარლამენტის, მთავრობის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობთი ორგანოს, მთავრობის, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პირის სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე განწესებული პირი. ასევე, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი ან პოლიტ. პარტიის აღმასრულებელი ან მაკონტროლებელი ორგანოს წევრი. თუკი პირს აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზანი.
ისეთი პირი, ვინც ბოლო 1 წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიისთვის გაიღო 30 000 ლარზე მეტი შემოწირულობა.
ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობად მიიჩნევა, თუკი პირმა ბოლოს ჩატარებულ საერთო ან შუალედურ არჩევნებში სუბიექტის კამპანიის დასაფინანსებლად გაიღო 30 000 ლარზე მეტი. ასევე თუ არსებობს სხვა აშკარა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ იგი პოლიტიკაში მონაწილეობდა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ოხანაშვილს ჰკითხეს, თუ საარჩევნო კანონით, ფიზიკურ პირს შეუძლია რომ პარტიას 60 000 ლარი შესწიროს, რატომ განისაზღვრა 30 ათასი ამ შემთხვევაში და არა, მაგალითად, 60 ათასი. ოხანაშვილის თქმით, მათთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
„30 ათას ლარს თუ შესწირავთ პარტიას, იმას ვერ გეტყვიან, რომ არ მონაწილეობთ პოლიტიკურ ცხოვრებაში და 60 ათასი ლარიდან ითვლება თქვენი მონაწილეობაო. ასე შეიძლება 60 ათას ლარზეც გითხრათ ვინმემ, რომ არ ნიშნავს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას. რაღაც მსაზღვრელი უნდა აგვეღო. ჩვენ შემთხვევაში 30 ათასი ლარის შეწირვა ნიშნავს უფრო მეტად პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას, ვიდრე 500 ლარის“, – განაცხადა მან.
ერთ-ერთი რეკომენდაცია შეეხებოდა, დაზუსტებულიყო, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვანი გავლენა რას ნიშნავდა.
„ამ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს პირი, თუ არის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ან რადიომაუწყებლის წილის მესაკუთრე ან თანამესაკუთრე; წილის არაპირდაპირი მფლობელი; არსებობს სხვა აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ იგი ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოში მედიაზე გავლენას ახდენდა“, – განაცხადა მან.
ოხანაშვილმა ასევე განმარტა ტერმინი „სხვა აშკარა მტკიცებულება“.
„ეს არის დამზღვევი მექანიზმი იმისთვის, რომ კონკრეტული საკითხები, რომელიც წინა პუნქტებშია ჩამოთვლილი, შესაძლოა, ვერ დადგინდეს, არ გამოვიდეს სააშკარაოზე. თუ სხვა აშკარა მტკიცებულება არსებობსო, აშკარა მტკიცებულებაზე იქით რა უნდა დავწეროთ? როგორ იძლევა [მანიპულაციის საშუალებას]? ამით გვინდა, დაზღვეულ იქნეს საკითხი, რომ ყველა აშკარა მტკიცებულებით დასტურდება, რომ პირი მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში. არ დაუფინანსებია [პარტია/კამპანია], არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, მაგრამ ყველა აშკარა მტკიცებულება ამაზე მეტყველებს, აშკარაა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ამ საკითხზე არგუმენტები შეაშველა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. მისი თქმით, აშკარა მტკიცებულებად შეიძლება, მოიაზრონ მედიაში გამოთქმული პოლიტიკური პოზიცია, აქციების ორგანიზებაში მონაწილეობა და სხვა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, ასევე, პროექტის მიხედვით ცვლილებები შევიდა შემდეგ ნაწილებშიც:
„რეკომენდაციები შეეხებოდა პირადი ცხოვრების უფლების, გამოხატვის და შეკრების თავისუფლების მუხლების შესაძლო დარღვევას (კონვენციის მე-8, მე-10 და მე-11 მუხლები). ჩვენ პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხი მაქსიმალურად დავაკონკრეტეთ. ასევე, ამოვიღეთ საკითხი, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, საფრთხეს შეუქმნიდა გამოხატვის და შეკრების თავისუფლებებს. პირი თუ იქნება ოლიგარქად ცნობილი, მას შეეძლება პარტიების დაფინანსება.
დარჩა ერთადერთი აკრძალვა, ობიექტის პრივატიზების პროცესში მყიდველად ვერ მიიღებს მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაჯარიმდება ობიექტის შესასყიდად გადახდილი თანხის ორმაგი ოდენობით.
ვენეციის კომისიას ჰქონდა შენიშვნა, რას ნიშნავდა უმწიკვლო საქმიანი რეპუტაცია. ვინ უნდა ჩათვლილიყო ასეთად, ბუნდოვანებას იწვევსო. რისკის ქვეშ არ დავაყენეთ ეს საკითხი, სხვაგვარი ჩამოყალიბება კითხვის ნიშნებს თუ გააჩენდა, ამიტომ, სრულად ამოვიღეთ უმწიკვლო საქმიანი რეპუტაციის დეფინიცია.
შემოთავაზებული იყო სრული საპროცესო და ეფექტური სამართლებრივი გარანტიები უნდა ჰქონოდა პირს, ვისი ოლიგარქად მიჩნევის განხილვა მოხდებოდა. ჩვენ ყველა ეს საკითხი დეტალურად გავითვალისწინეთ;
მნიშვნელოვანი ეკონომიკური რესურსის ფლობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს პირი, თუ ქონების [პირდაპირი ან არაპირდაპირი საკუთრების უფლებით] ერთობლივი ღირებულება მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საარსებო მინიმუმს მილიონჯერ აღემატება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კანონი, მიღების შემთხვევაში, 2023 წლის 1 სექტემბრიდან შევა ძალაში და 2033 წლის 1 სექტემბრიდან გამოცხადდება ძალადაკარგულად.
კანონპროექტის ელექტრონული ვერსია ვებგვერდზე ჯერჯერობით არ ატვირთულა. განახლებული დოკუმენტი კომიტეტის წევრებს სხდომის დაწყებამდე დაურიგდათ. ოპოზიციის ნაწილმა მის გაცნობამდე სხდომის გადადება მოითხოვა, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა და განხილვა დოკუმენტის დარიგებიდან რამდენიმე წუთში დაიწყო.
კომიტეტმა დღესვე განიხილა „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციირებული დეოლიგარქიზაციის პროექტი, თუმცა მას უმრავლესობის დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.
ვენეციის კომისიამ 14 მარტს გამოქვეყნებულ დასკვნაში რეკომენდაცია გასცა სისტემურ მიდგომაზე, რომელიც გულისხმობს სამართლებრივი ინსტრუმენტების მიღებას და გაძლიერებას სამართლის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ანტიმონოპოლია, პოლიტიკური პარტიები, არჩევნები, გადასახადები, ანტიკორუფციული და ფულის გათეთრება და სხვა.
კომისიის დასკვნით, ოლიგარქიის დესტრუქციული გავლენის განხილვა მოითხოვს სამართლის ამ სფეროების გათვალისწინებას ყოვლისმომცველი და კოორდინირებული გზით. მათივე თქმით, უნდა შეიქმნას ეფექტური კავშირი ამ სფეროებსა და იმ ინსტიტუტებს შორის, რომლებიც მათ აღსრულებას უწყობს ხელს.