ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით (COVID-19) მსოფლიოში 114 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 64 000-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა. დაიღუპა 4000 ადამიანი. როგორია ინფიცირების დემოგრაფია, ვინ ხდება ავად და რამდენად მძიმედ?
Worldometer-ის მიხედვით, რომელიც ეყრდნობა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაკეთებულ 74 000-ზე მეტი დადასტურებული ინფიცირების ანალიზს, კორონავირუსით დაინფიცირება ყველაზე მეტად სარისკოა კაცებისთვის და კიდევ უფრო მეტად – ხანში შესულებისთვის.
ინფიცირებულ კაცებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2.8%-ია, ქალებს შორის კი – 1.7%. ასევე, ვირუსი ბევრად მძიმედ მიმდინარეობს ხანშიშესულ ადამიანებში. 80 წელს გადაცილებულთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 14.8%-ია, მაშინ როცა 9 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მთლიანი ასაკობრივი განაწილება კი ასე გამოიყურება:
Worldometer-ის მონაცემებით, კორონავირუსი სიცოცხლისთვის საშიში ყველაზე მეტად რამდენიმე ტიპის დაავადების შემთხვევაში ხდება. მათ შორის პირველ ადგილზეა გულსისხლძარღვთა დაავადებები – 10.5%-იანი მაჩვენებლით. მას მოჰყვება დიაბეტი, ამ დაავადების მქონე პაციენტებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი – 7.3%-ია.
ასევე სახიფათოა ქრონიკული რესპირატორული დაავადებები (6.3%), ჰიპერტენზია, ანუ სისხლის მაღალი წნევა (6%) და კიბო (5.6%). წინასწარ გამოხატული ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე დაინფიცირებულ ადამიანთა შორის საშუალოდ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბევრად მცირეა – 0.9%.
ზოგადად, რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, შედარებისთვის ის საგრძნობლად წინ უსწრებს სეზონურ გრიპს, მაგრამ ბევრად ჩამორჩება წლების წინ გავრცელებულ ვირუსულ აფეთქებებს – SARS-სა და MERS-ს.
დადასტურებული შემთხვევების შეჯამებით, კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთა 3.4% კვდება. თუმცა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 2%-ია. მეცნიერთა ნაწილი კი ფიქრობს, რომ შეიძლება უფრო ნაკლებიც – დაახლოებით 1% იყოს, რაც თითქმის სეზონური გრიპის სიკვდილიანობას უტოლდება.
ეს იმიტომ, რომ როგორც მეცნიერები ამბობენ, ინფიცირების რეალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, არ ვიცით. რიგ შემთხვევებში ვირუსი უსიმპტომოდ ან მსუბუქად მიმდინარეობს და დაავადებულთა ნაწილმა შესაძლოა, ექიმს არც მიმართოს. ასე რომ, ვირუსის გავრცელების მასშტაბი და არეალი ზუსტი არ არის. სამაგიეროდ, აღრიცხულია ყველა მძიმე შემთხვევა.
რაც შეეხება სქესის განაწილებას, როგორც The New York Times წერს, კაცების მეტ სიკვდილიანობას შესაძლოა, შედარებით სუსტი იმუნიტეტი და თამბაქოს მოხმარების უფრო მაღალი მაჩვენებელი იწვევდეს. ასევე კაცებში მეტია დიაბეტის შედარებით რთული ფორმა და მაღალი წნევა, რაც ინფიცირებისას გართულებებს უწყობს ხელს.
„ეს არის პატერნი, რომელიც რესპირატორული ტრაქტის სხვა ვირუსულ ინფექციებშიც გვინახავს“, – ეუბნება ამერიკულ გამოცემას საბრა კლეინი ჯონს ჰოპკინსის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის მკვლევარი.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ვირუსი, შუა ხნის ასაკისა და განსაკუთრებით მოხუცებთან შედარებით, ნაკლებად ხვდებათ ბავშვებს ან თუ ხვდებათ – მსუბუქად.
რატომ გვხვდება ბავშვებთან მსუბუქი ფორმა?
როგორც The New York Times წერს, ჩინეთში ერთ-ერთი შემთხვევის ანალიზი მოწმობს, რომ ერთსა და იმავე პერიოდში ინფიცირებულებზე დაკვირვებით, ბავშვებს ვირუსი ნაკლებად გამოხატული ფორმით აქვთ. 10 წლის ბავშვი, რომელიც ქალაქ ვუჰანში ოჯახთან ერთად მოგზაურობდა, კორონავირუსით დაინფიცირდა. სახლში დაბრუნების შემდეგ ვირუსით დაინფიცირებულები აღმოჩნდნენ ოჯახის სხვა წევრებიც – 36-დან 66 წლამდე, რომლებსაც გამოხატული ჰქონდათ სიცხე, ყელის სიმშრალე, დიარეა და პნევმონია. ექიმებმა ვირუსული პნევმონია დაუდგინეს მოზარდსაც, თუმცა მას სიმპტომები გამოხატული არ ჰქონია.
სხვათა შორის, მსგავსი მონაცემებია კორონავირუსული ჯგუფის სხვა ვირუსებზეც – SARS-სა და MERS-ზეც. MERS-მა 2012 წელს საუდის არაბეთში და 2015 წელს სამხრეთ კორეაში ჯამში 800 ადამიანი იმსხვერპლა. არადა, ამ ვირუსით ინიფიცირებულ ბავშვებს სიმპტომები არც კი განვითარებიათ.
ასევე არ დაღუპულან ბავშვები SARS-ის ეპიდემიის დროსაც, 2003 წელს. გარდაცვალების 800-მდე შემთხვევიდან უმეტესობა 45 წელს ზემოთ მყოფ ადამიანებზე მოდიოდა. ამ შემთხვევაშიც დაავადება უფრო სარისკო კაცებისთვის იყო . ხოლო 8 000-მდე აღრიცხული ინფიცირების შემთხვევიდან, მხოლოდ 135 იყო ბავშვი.
კვლევების მიხედვით, 12 წლამდე ინფიცირებულ ბავშვებს ძალიან იშვიათად სჭირდებოდათ ჟანგბადის მიწოდება. 12 წელს ზემოთ კი მათი მდგომარეობა უფრო ზრდასრულებისას უახლოვდებოდა.
მეცნიერები ამერიკულ გამოცემასთან ამბობენ, რომ კარგად არ არის გამოკვლეული, რატომ გადააქვთ მათ ვირუსი მსუბუქი ფორმით, თუმცა არც უჩვეულო ამბავია. ამის მაგალითად კი ჩუტყვავილა მოჰყავთ, რომელიც სრულწლოვან ადამიანებში ბევრად მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ბავშვებში.
ხოლო ახალგაზრდების გამორჩეული მდგრადობა ამ ვირუსისადმი ზოგადად უფრო ძლიერ ორგანიზმთან ერთად, ძლიერ სასუნთქ გზებს უკავშირდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ჩინელი მეცნიერების ერთობლივმა დაკვირვებამ ვუჰანის ერთ-ერთ კლინიკაში შეყვანილ 109 პაციენტზე აჩვენა, რომ მათ ნახევარს აღენიშნებოდა „მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი“, რომლის დროსაც ფილტვებში ჩნდება სითხე და ორგანოებისთვის ჰაერის მიწოდებას უშლის ხელს. ეს სინდრომი უფრო მეტად გამოხატული იყო ხანშიშესულ ადამიანებში და ასეთი პაციენტების ნახევარი დაიღუპა.
როგორ იგებენ და მკურნალობენ კორონავირუსს?
კორონავირუსის დასადგენად სპეციალური ანალიზი კეთდება. ანალიზი აშშ-ში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩინელი ექიმებისგან მიწოდებული ნიმუშების საფუძველზე ვირუსის გენეტიკური კოდის მიხედვით მომზადდა. სხვადასხვა ქვეყანაში ანალიზი ან დამოუკიდებელი კვლევის საფუძველზეა მომზადებული, ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერაა მოწოდებული.
იმ შემთხვევაში, თუ ანალიზი დაადასტურებს ორგანიზმში კორონავირუსულ ინფექციას, პაციენტს სპეციალური მკურნალობა ენიშნება. ჯერჯერობით არ არსებობს მედიკამენტები, რომლებიც უშუალოდ ვირუსს განდევნის, ამიტომ მკურნალობის პროცედურა ძირითადად მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანის ორგანიზმს ვირუსთან გამკლავებაში დაეხმაროს.
ინფეციურ დაავადებათა საზოგადოების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კომიტეტის ხელმძღვანელის დოქტორ ჯული ვაიშამპაიანის თქმით, პაციენტებს აწვდიან ჟანგბადს, ეხმარებიან ფილტვებს, რომ არ განვითარდეს სუნთქვის უკმარისობა. ასევე ცდილობენ მართონ ორგანიზმის ტემპერატურა და დაეხმარონ ორგანიზმის იმუნურ სისტემას ვირუსთან გამკლავებაში.
„ხოლო პაციენტებს, რომლებსაც ვირუსული ინფექციის მსუბუქი ფორმა აქვთ, ვურჩევთ, რომ დაისვენონ და მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე, რათა მათმა იმუნურმა სისტემამ კარგად იმუშაოს და ორგანიზმი განკურნოს“, – ამბობს ვაიშამპანიანი.
კორონავირუსების ჯგუფთან საბრძოლველად მედიკამენტები ჯერ არ შექმნილა. თუმცა, ანტივირუსული პრეპერატი „რემდესივირი“ ეფექტიანი აღმოჩნდა ცხოველებში და ადამიანებზე მისი მოქმედების კვლევა დაწყებულია.
როდის იქნება ვაქცინა?
კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნას თვეები და შეიძლება წლებიც დასჭირდეს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ხელს უწყობენ გლობალურ კოორდინაციას და მეცნიერებს, იმუშაონ უფრო სწრაფად, ვაქცინის შექმნა მაინც ხანგრძლივ და ძვირადღირებულ პროცესად რჩება.
2003 წელს SARS-ის ვირუსული აფეთქების შემდეგ, მეცნიერებს მის წინააღმდეგ ვაქცინის შესამქნელად დაახლოებით 20 თვე დასჭირდათ. ზიკას ვირუსის წინააღმდეგ კი 2015 წელს მეცნიერებმა ვაქცინა ექვს თვეში შექმნეს.
მეცნიერებს ახლაც იმედი აქვთ, რომ ვაქცინას რაც შეიძლება მოკლე დროში შექმნიან, ფარმაცევტული კომპანიები და ქვეყნები მუშაობენ მის შესაქმნელად. The New York Times-თან ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ანტონი ფაუკი ამბობს, რომ სამ თვეში შესაძლოა ვაქცინის პირველი კლინიკური გამოცდა დაიწყოს, თუმცა მის მასობრივ მოხმარებაში ჩაშვებას კიდევ არაერთი კვლევა და გამოცდა დასჭირდება.