თელავში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა

პუბლიკა

თელავის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2022 წლის 9 ოქტომბერს, ქ. თელავში, ბრალდებულს ყოფილ მეუღლესთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდა,  რა დროსაც მან შურისძიების მოტივით, დაზარალებულს საცხოვრებელი სახლის სააბაზანო ოთახში, დანის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც უწყება წერს, განზრახ მკვლელობის ჩადენამდე, ბრალდებული სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს, ასევე, ფიზიკურად გაუსწორდა ყოფილ მეუღლეს, მეუღლის დედას და ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა…

პროკურატურის თქმით, აღნიშნული დანაშაულისთვის ბრალდებული მაშინ დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვეს პატიმრობის შეფარდება, თუმცა:

„6 ოქტომბერს, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული პირდაპირ მიუთითებდა ბრალდებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის თაობაზე, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, სათანადოდ ვერ შეაფასა ბრალდებულიდან მომდინარე რისკები და საფრთხეები, მათ შორის ახალი დანაშაულის ჩადენისა და მისი მიმალვის საფრთხე, უკანონოდ სცნო ბრალდებულის დაკავება, გაათავისუფლა დაკავებიდან და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო – 2000 ლარი შეუფარდა”.

„ბრალდებულს, რომელსაც არ შეეფარდა პატიმრობა, მიეცა შესაძლებლობა სისრულეში მოეყვანა თავისი მუქარა და სასტიკად გაუსწორდა ყოფილ მეუღლეს, რამაც ეს უმძიმესი შედეგი გამოიწვია”, – წერს პროკურატურა.

მათივე თქმით, 18 წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენს, სასჯელის დამძიმების მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.