„უკრაინის მომავალი NATO-შია“ - იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა

პუბლიკა

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს მოულოდნელად კიევს ეწვია. სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

„უკრაინის მომავალი NATO-შია. ყველა მოკავშირე თანხმდება ამაზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

სტოლტენბერგის თქმით, ივლისში ვილნიუსში გასამართ სამიტზე უკრაინის NATO-ში გაწევრების პერსპექტივა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება.

იენს სტოლტენბერგმა ჩრილოატლანტიკური ალიანსის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მოკავშირეებმა უკრაინას ათობით მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყვეს, მხარდაჭერა კი გაგრძელდება. მათ შორის, სტოლტენბერგის თქმით, ფიქრობს, რომ მოკავშირეები ახალი, კონკრეტული მხარდაჭერის პაკეტებს ხვალ რამშტეინის ავიაბაზაზე დაგეგმილ შეხვედრაზეც გამოაცხადებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ არ არსებობს ობიექტური წინაღობა, რაც ხელს შეუშლის მოკავშირეებს, მიიწვიონ უკრაინა NATO-ში.