იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძე შეარჩია. კენჭისყრისას მან 12 ხმა მიიღო.

ნინო ქადაგიძე ამჟამად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეა. 2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ.

ქადაგიძე ერთ-ერთი იყო იმ 10-კაციან სიაში, რომელიც 2018 წლის 26 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა. საზოგადოებისა და დეპუტატთა ნაწილის მწვავე პროტესტის შემდეგ, კანდიდატმა, სიის სხვა წევრებთან ერთად, პარლამენტს მიმართა, არ განეხილათ მათი კანდიდატურები.

1994-2000 წლებში ნინო ქადაგიძე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. 2000 წელს იგი დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 2013 წლის 17 ივნისიდან ნინო ქადაგიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე იყო.

საბჭო დასახელებულ კანდიდატს განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნის. პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას 10 წლის ვადით დაიკავებს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური 2018 წლის აგვისტოდანაა, მას შემდეგ, რაც ის ნინო გვენეტაძემ დატოვა.

გაეცანით „ფორნდ ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ მომზადებულ ბროშურას ნინო ქადაგიძის შესახებ;