პრეზიდენტმა გვითხრა, თქვენი ტირილი არ ესმის პრემიერს და ჩემს სიტყვას გაიგონებსო?! - მშობელი

პუბლიკა

აქონდროპლაზიის მქონე ერთ-ერთი ბავშვის დედის, ეკა ჭონქაძის თქმით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მშობლებს დახმარება აღუთქვა, თავისი შესაძლებლობისამებრ დააჩქარებინოს ჯანდაცვის სამინისტროს საჭირო მედიკამენტის შემოტანა, თუმცა ეკა ჭონქაძე დასძენს, რომ პრეზიდენტმა სკეპტიკურად შეაფასა, რამდენად გაითვალისწინებს მის პოზიციას პრემიერ-მინისტრი.

„პრეზიდენტმა მიგვიღო, როგორც დედამ ჯერ, როგორც ქალმა და შემდეგ როგორც საქართველოს პრეზიდენტმა. ერთადერთი, ეს სიტყვა ძალიან კარგად დავიმახსოვრე, რომ თქვენი ტირილი არ ესმის ჩვენს პრემიერს და ჩემს სიტყვას გაიგონებსო?!

გვითხრა, მე ყველანაირად დაგიდგებით გვერდში და ვეცდები, ჩავრთო საერთაშორისო სტანდარტის ექიმები, მივაწვდინო ჩვენს ჯანდაცვას ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ დროულად შემოიტანონ ეს წამალიო, – იხსენებს პრეზიდენტის სიტყვებს ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ეკა ჭონქაძე, რომელსაც აქონდროპლაზიის მქონე სხვა ბავშვების მშობლებთან ერთად სალომე ზურაბიშვილი გუშინ შეხვდა.


აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლები საპროტესტო აქციებს რამდენიმე თვეა, მართავენ. მათი მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი Voxzogo, რომელიც ავტორიზებულია აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მედიკამენტთან დაკავშირებით, მწირი მონაცემების არსებობის გამო, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ფრთხილად ეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, რათა მაქსიმალურად გარანტირებული იყოს პაციენტის უსაფრთხოება.