ბასლეინზე მოძრაობას 3 500 ტაქსი შეძლებს - რეგულაცია გაათმაგების შესაძლებლობას ტოვებს

პუბლიკა

A კატეგორიის ტაქსებს, რომელთა ავტომანქანის ასაკი 10 წელს არ აღემატება, პირველი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ.

მერიის ცნობით, A კატეგორიის ნებართვის მქონეთა შორის 10 წელზე ნაკლები ასაკის მანქანა დაახლოებით 3 500 ადამიანს ჰყავს. სულ A კატეგორიის დაახლოებით 35 ათასი ნებართვაა გაცემული. 

მერიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ტაქსების რაოდენობა ვერ გაიზრდება, რადგან 20 მარტის შემდეგ A კატეგორიის ნებართვები აღარ გაიცემა, თუმცა ნებართვის მფლობელს მისი გაყიდვა შეუძლია. 

მერიაში ადასტურებენ, რომ თუკი A კატეგორიის ნებართვის მფლობელი 10 წელზე ნაკლები ასაკის მანქანას შეიძენს ან ლიცენზიას ასეთი მანქანის მფლობელს მიჰყიდის, ბასლეინზე მოძრაობის უფლება მასაც ექნება. რაც იმას ნიშნავს, რომ თეორიულად შესაძლებელია, ბასლეინზე ტაქსების რაოდენობა 35 ათასამდე გაიზარდოს. 

„პუბლიკამ“ მერიაში ასევე იკითხა, დარჩება თუ არა ბასლეინზე ტაქსების მოძრაობის ნებართვა ძალაში მაშინაც, როდესაც ქალაქში 18-მეტრიან ავტობუსებს შემოიყვანენ? თუ ეს დროებითია?

თბილისის მერიაში გვიპასუხეს, რომ „ალბათ, დარჩება, ყოველ შემთხვევაში, არ თქმულა, რომ ეს დროებითი ღონისძიებაა“.

„ბასლეინის ეფექტიანობა ძალიან მკვეთრად შემცირდება“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ურბანული ლაბორატორიის“ დირექტორი,  გიორგი ბაბუნაშვილი აღნიშნავს, რომ ბასლეინზე ტაქსების მოძრაობის დაშვება პრობლემური იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ მათი რაოდენობა 3 500 იქნება.

„რა თქმა უნდა, პრობლემაა, რადგან ბასლეინები განკუთვნილია ავტობუსების შეუფერხებელი მოძრაობისთვის. მთელი იდეა არის სწორედ ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ უნდა ჩერდებოდეს საცობში“, – ამბობს ბაბუნაშვილი

მისივე თქმით, ტაქსი თავისი ფართის გამოყენების კოეფიციენტით გაცილებით  არაეფექტიანია და კერძო ტრანსპორტად უფრო მიიჩნევა, ვიდრე საზოგადოებრივად.

„[ბასლეინზე] მგზავრის ჩამოსმა და აყვანა კიდევ მესმის, რომ რაღაც მომენტში იყო ხოლმე პრობლემა, მაგრამ ტაქსებმა მოძრაობაც თუ დაიწყეს, მაშინ ბასლეინის ეფექტიანობა ძალიან მკვეთრად შემცირდება და რისი მიღწევაც გვინდა, რომ გავზარდოთ გამტარუნარიანობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ამას ვეღარ მივაღწევთ. ყოველ შემთხვევაში, გაუმჯობესება ძალიან მცირე იქნება“, – ამბობს გიორგი ბაბუნაშვილი.

ბაბუნაშვილი აღნიშნავს, რომ საავტობუსო დერეფნები დაპროექტებულია სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად და გრაფიკის ზუსტი დაცვით შეძლოს გადაადგილება. დღეს კი ტრანსპორტის გრაფიკის დარღვევისა და დაგვიანების მიზეზი სწორედ საცობია, რომელშიც ავტობუსები შეუკვრელი ბასლეინების გამო ხვდებიან.

„რა მნიშვნელობა აქვს, ეს საცობი იქნება საერთო მოხმარების გზაზე თუ ბასლეინზე იქნება ტაქსების საცობი? საკმაოდ დამაზიანებელი იქნებოდა ასეთი მოძრაობის დაშვება“, – ამბობს „ურბანული ლაბორატორიის“ დირექტორი.