აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობისთვის გასამართლებული მოკრივე ავთანდილ ხურციძე თავისუფალია

პუბლიკა

მოკრივე ავთანდილ ხურციძე ამერიკის შეერთებული შტატების ციხიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ თავად ხურციძე წერს.

„I am back (დავბრუნდი)“ – წერს ავთანდილ ხურციძე Facebook-ზე.

ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. სპეცოპერაციისას დაკავებულ 33 პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო.

2018 წელს მას ნიუ-იორკის სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აშშ-ის პროკურატურის განცხადებით, კრიმინალური ჯგუფის დაკავებულ წევრებს რამდენიმე ბრალი წაუყენეს. მათ შორის, კონტრაბანდა, რეკეტი, არალეგალური აზარტული თამაშები, ფულის გამოძალვა, თაღლითობა, ფინანსური მაქინაციები და სხვ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2018 წელს წერდა, რომ დაჯგუფების ლიდერად გამომძიებლებმა ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე, 40 წლის რაჟდენ შულაია დაასახელეს. 37 წლის ავთანდილ ხურციძე კი, მეტსახელად „ჩაქუჩა“, საბრალდებო მასალების მიხედვით, რუსული მაფიის ბოსის – რაჟდენ შულაიას „კუნთი“ იყო ბრუკლინში.

შულაია და ხურციძე ნიუ იორკის ფედერალურმა სასამართლომ ერთად გაასამართლა. ნაფიცმა მსაჯულებმა შულაიას მსგავსად ავთანდილ ხურციძეც დამნაშავედ ცნეს.